Monday, December 6, 2010

ღამურების გადაფრენა

ერთმა უგნურმა თაგუნამ რომ თაგვობა იუკადრისა და ფრინველთა ბომონდში ინტეგრირებაზე ამაოდ გაჩალიჩდა, ეს ამბავი ყველამ ვიცით. აკაკი წერეთლის ღამურა, მარგინალური ტიპაჟის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – შინაურებშიც უცხო რომაა და  უცხოებიც შინაურად არ ღებულობენ


ახლა, რატომ გამახსენდა ეს არაკი?
I

როდესაც ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, ჩვენ (მათ შორის მეც) ხშირად ვუშვებთ ერთ ფუნდამენტურ შეცდომას: ავტომატურად მივიჩნევთ, რომ ამ ხელისუფლების მიზანია საქართველოს გარდაქმნა დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოდ. ეს მიზანი თითქოს თავისთავად იგულისხმება და შენიშვნებს და კრიტიკასაც ძირითადად ვაგებთ დეკლარირებულ (ნაგულისხმევ) მიზნისა და არსებულ პრაქტიკას შორის შეუსაბამობაზე.

არადა ასეთი მიზანი სააკაშვილსა და მის გუნდს არა აქვს, არც ჰქონია და ვერც ექნებოდა, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებები კეთდებოდა.

ამის მიზეზი იმდენად მსოფლმხედველობრივი ფაქტორი არაა, რამდენადაც წმინდა ფსიქოლოგიური.

მე არა ვარ არც ფსიქოლოგი და არც ფსიქოანალიტიკოსი, მაგრამ ზოგჯერ ადამიანის მოტივაცია იმდეანად აშკარაა და იმდენად „ყვირის“, რომ მის გასაგებად დიდი ექსპერტობა სულაც არაა აუცილებელი.

საქმე ის გახლავთ, რომ  მიხეილ სააკაშვილი არის ტიპიური მარგინალი.  არ მითხრათ ახლა, ასე არ არისო. ვინც მიხეილ სააკაშვილს თუნდაც მხოლოდ ნანუკას შოუში მოუსმინა, სადაც ის დაუფარავად აცხადებდა, რომ მას არ ჰყავს მეგობრები და ბავშვობაში ვერ იტანდა ზაფხულის არდადეგებისა და ახალი წლის პერიოდს, სხვა დასკვნას ვერც გააკეთებს. ბოლო-ბოლო ყველა გულწრფელად დაფიქრდეს: გეგულებათ კი მსგავსი ტიპაჟი თქვენს მეგობარ-ახლობლებში? საერთოდ იცნობთ ასეთს?


მარგინალი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ღრმა კონფლიქტი არსებულ კულტურულ გარემოსთან. ხაზს ვუსვამ: ლაპარაკია არა კრიტიკულ დამოკიდებულებაზე (ეს სულ სხვა რამაა), არამედ კატეგორიულ მიუღებლობაზე. მარგინალის ინდივიდუალობა ამოვარდნილია იმ დაუწერელი ნორმებიდან,  მოცემული კულტურული სივრცის კონტექსტში რომ მოქმედებს, მისთვის ეს კულტურული გარემო არის არა მხოლოდ არაკომფორტული, არამედ არსებითად მტრული.

ასეთი ხალხი ყველა ქვეყანაშია და თავის ადგილზე სასარგებლონიც კი არიან, რადგან ბევრი ნოვაციის და ტაბუირებული თემების აქტუალიზების ინიციატორები ხდებიან, მაგრამ ქვეყნის სათავეში მსგავსი პერსონების ყოფნა ამ ქვეყნისთვის გარანტირებული უბედურებაა.

II

უბედურებაა არა იმიტომ, რომ მარგინალებს ან ჭკუა არა აქვთ, ან უუნაროები არიან. პირიქით, მათ შორის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ აქ მთავარი სხვაა: ყველანაირი მარგინალის მთავარი ოცნებაა საკუთარი მარგინალურობის მეინსტრიმად ქცევა. არა გაუცხოების დაძლევა და კულტურულ  გარემოში ინტეგრაცია, არამედ ამ კულტურული გარემოს გადაკეთება და საკუთარ თავზე მორგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუკი ძალაუფლების ბერკეტებს დაეუფლებიან, ისინი აუცილებლად შეეცდებიან ჩამოაყალიბონ ისეთი კულტურული გარემო, სადაც მარგინალებად აღარ იგრძნობენ თავს.

რამდენადაც კულტურული გარემო თავისთავად არ არის მიდრეკილი სასურველი მიმართულებით გარდაქმნისკენ, ამ მიზნის მიღწევისთვის მათ დაჭირდებათ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იძულება. ეს კი  ტექნიკურად შეუძლებელია, თუ არ ფლობ შეუზღუდავ ძალაუფლებას და სრული კონტროლს ყველა სფეროზე – პატარა საქმე ხომ არა არის ამხელა მასის გარდაქმნაგადამზადება საკუთარ (და მათთვის უცხო) ყაიდაზე? მოკლედ, საშუალება, რომელიც მიზნის მისაღწევად გამოგადგება, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ფაქტობრივი დიქტატურა.

თავისთავად დიქტატურის და ავტორიტარული რეჟიმის არსებობა სულაც არ გულისხმობს, რომ ამ ქვეყნებში მაინც და მაინც ღამურების მმართველობაა. პირიქით, მარგინალების ხელისუფლებაში მოსვლა, როგორც წესი, არ ხდება. დემოკრატიულ ქვეყნებში ხომ ეს პრინციპულად გამორიცხულია - იქ ხელისუფლების სათავეში არავინ მიგიშვებს თუ არ ხარ ორგანულად ჩაწერილი  და სრულფასოვნად ინტეგრირებული არსებულ კულტურულ გარემოში. მარგინალები  შეიძლება მხოლოდ არეულ, აწეწილ–დაწეწილ ქვეყნებში მოხვდნენ ხელისუფლებაში, სადაც ადრე დამკვიდრებული ღირებულებები და საზოგადოებრივი მორალის ნორმები უფასურდება.

დიქტატურა არ გულისხმობს გინდა თუ არა მარგინალების მმართველობას, მაგრამ მარგინალების მმართველობა აუცილებლად გულისხმობს დიქტატს.  თუმცა, მარგინალების პრობლემა მარტო ის არ არის, რომ მათ არ შეუძლიათ დემოკრატიის პირობებში დარჩნენ მართვის სადავეებთან.  არანაკლები პრობლემაა ისიც, რომ  მათი მიზანი მიუღწეველია და წმინდა წყლის უტოპიაა.

კულტურა საერთოდ დინამიური და ცვალებადი ფენომენია, რომელიც არასდროს არ არის ერთ წერტილში გაყინული და მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციას, მაგრამ ეს ტრანსფორმაცია არ ხდება ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ნება-სურვილით. ნებისმიერი ცვლილება კულტურულ ყოფაში მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ამ ცვლილების მოთხოვნილება საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს.

ამიტომ თუკი მარგინალების სწრაფვა კულტურული გარემოს თავის ჭკუაზე გადაკეთებისთვის, ერთის მხრივ  მოითხოვს დიქტატს და მეორეს მხრივ კი იმთავითვე განუხორციელებელია, ეს ნებისმიერ შემთხვევაში განაპირობებს ერთგვარი ციებ-ცხელების რეჟიმს და გაუთავებელ ექსპერიმენტებს, მარგინალების დიქტატი იმით განსხვავდება ტრადიციული ტირანიისგან, რომ ეს რეჟიმი მუდამ არასტაბილურია, მუდამ ზღვრულ მდგომარეობაშია და მუდამ ახერხებს ფეთქებადსაშიში მუხტის დაგროვებას საზოგადოებაში.

III

ნაცნობი სურათია, არა? რამდენჯერ გაგვკვირვებია სააკაშვილის ხელისუფლების შემხედვარე, რატომ აკეთებს ეს ხალხი იმას, რისი არანაირი აუცილებლობა არ არის და რაც თითქოს არაფერში ჭირდებათ. მართლაცდა რა სარგებლობა მოაქვს იმ ხაზგასმულ ცინიზმს და აგდებულ დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომელიც ლამის ამ ხელისუფლების საფირმო ნიშნად იქცეს?

სარგებლობა ნამდვილად არ მოაქვს, მაგრამ ასე იმიტომ ხდება, რომ მათ სხვაგვარად არ ძალუძთ. ასეთ ქცევებში აისახება სწორედ მათი დამოკიდებულება ე. წ. მეინსტრიმული კულტურის, ანუ არსებითად მტრული გარემოს მიმართ. ეს დამოკიდებულება მჟღავნდება თუნდაც ქალაქების ტრადიციული იერ-სახის  გადაკეთებისა და შეცვლის მანიაკურ მისწრაფებებში,  იქნება ეს რუსთაველის გამზირის დავიწროება გაზონებით,  შუშის ხიდი რიყეზე, წითელ-ყვითელი ხელოვნური პალმები წყალტუბოში, რატუშა ბათუმში, სიღნაღიზაცია, შადრევანიზაცია და ა. შ.


ეს არ არის უბრალო ამბავი. ხელისუფლების მარგინალობა ქმნის სრულიად უნიკალურ და, გარკვეული აზრით, პარადოქსულ სიტუაციას: მარგინალი ბუნებით მეამბოხეა, ის დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და კლიშეების წინააღმდეგია, ანუ, ერთგვარ კულტურულ ოპოზიციას წარმოადგენს. ხელისუფლება კი არ შეიძლება იმყოფებოდეს ანტაგონიზმში მეინსტრიმულ კულტურასთან - ეს არაბუნებრივია. საქართველო დღეს ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც მარგინალები მართავენ. საქართველოს სათავეშია ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ ფლობს პრაქტიკულად აბსოლუტურ ძალაუფლებას - მის ხელშია მთელი ბიზნესი, ძლიერი რეპრესიული აპარატი, ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიები, მეორეს მხრივ კი  ეს ავტორიტარული რეჟიმი იმყოფება კულტურულ ოპოზიციაში, ანუ აქვს სერიოზული კონფლიქტი იმ კულტურულ გარემოსთან, რომელიც ორგანულია, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, მისივე რეპრესიული აპარატის და საჯარო მოსამსახურეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

რასაკვირველია, ასეთი ვითარება არის ელემენტარულად არანორმალური. ამიტომაც არა და არა ადგება საშველი ამ ქვეყანაში რევოლუციური ციებ-ცხელების დასრულებას და არც დაადგება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილია საქართველოს პრეზიდენტი. თანაც სააკაშვილი მარტო არ არის. ის, როგორც ძალაუფლების ღერძი, თავის გარშემოც ასეთ ხალხს იზიდავს და იკრებს. ცხადია, რესურსის სიმცირის და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, სააკაშვილის ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანიცაა, ვინც მარგინალი არაა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ კარგა ხნის მანძილზე სწორედ ყველაზე მარგინალურ, კულტურული ტრადიციიდან  ამოვარდნილ და ამ ტრადიციებთან დაპირისპირებულ პერსონებს (იმათ, ვისაც თვით სააკაშვილი იხსენიებდა ვიწრო წრეში მარგინალებად) ჰქონდათ მინიჭებული იდეოლოგიური ბირთვის ფუნქცია და გარკვეულწილად ახლაც აქვთ.  

სწორედ კულტურული გარემოს საკუთარ ყალიბზე გადაკეთება იყო რეალურად ამ გუნდის მთავარი პროექტი, რასაც კულტურული რევოლუცია და მოდერნიზაცია შეარქვეს სახელად და რაც საკმაოდ კარგად „გაიყიდა“ დასავლეთში. იქაური წარმოდგენებით საქართველო ხომ ახლო აღმოსავლეთის ტიპის, კონსერვატიული ქვეყანაა,სადაც ცხოვრობს „ბნელი“ ხალხი თან საბჭოური ტრადიციის გამო კიდევ უფრო დაბნელებული მენტალიტეტით. ამჟამად სპეციალურად არ შევჩერდებით იმ მიზეზებზე, რის გამოც ასეთი წარმოდგენა შეიქმნა. ფაქტია, რომ ასეა და ეს სააკაშვილის გუნდმა ძალიან კარგად გამოიყენა. დასავლეთის თვალში მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად მთელი მისი ნაკლოვანებებისა და ექსცენტრიულობისა, მაინც აღიქმება ადამიანად, რომელიც ცდილობს ჩამორჩენილი გრუზინგურჯები დასავლური ცივილიზაციის სიტკბოს აზიაროს - რაღაც ეშლება, რაღაც არ იცის, ცუდი გემოვნება აქვს, მაგრამ ცდილობს...

სხვათა შორის, ჟურნალ „ეკონომისტის“ სტატიაში „მენტალური რევოლუცია“ ეს მომენტი გარკვეულწილად ჩავლებული იყო. ამიტომაც აღნიშნავდა სტატიის ავტორი: სააკაშვილი მოდერნიზატორია და არა დემოკრატიო. მაგრამ საქმეც ისაა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი არც მთლადე მოდერნიზატორები არიან, რადგან მოდერნიზაცია არა მარტო და არა იმდენად ძველის დანგრევას ნიშნავს, არამედ რაღაც ახლის დამკვიდრებას, ეს გულისხმობს ხედვის სისტემურობას, არა მარტო იმის ცოდნას, რა არ გინდა, არამედ იმის ცოდნასაც, რა გინდა. მოდერნიზაციას ჭირდება კულტურისადმი კრიტიკული და არა მტრული დამოკიდებულება. მარგინალებს კი არაფრის დამკვიდრება არ შეუძლიათ. ისინი მხოლოდ საკუთარ კომპლექსებს იფხანენ და მათი ერთადერთი მიზანი საკუთარი თავისთვის კომფორტული კულტურული გარემოს ფორმირებაა.


არა მგონია მათ ეს მკაფიოდ ჰქონდეთ გაცნობიერებული. უფრო მეტიც, ლიბერალიზმი და დემოკრატია ამ ხალხს შესაძლოა მართლაც კულტურული გარემოს შეცვლის თანამდევი სული ჰგონიათ, მაგრამ მათ რომ ჰგონიათ, ეგრე არ არის. ჯერ ერთი, როგორც უკვე ვთქვი, ასეთი მიზანი თავისთავად ითხოვს ავტორიტარულ რეჟიმს. მართალია, საერთაშორისო კონიუნქტურა არ იძლევა დაუფარავი დიქტატის საშუალებას და ისინიც იძულებული არიან ითამაშონ დემოკრატობანა ალაგალაგ, წმინდა ფასადურდეკლარატიულ დონეზე, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ვინმე სერიოზულად ფიქრობს დემოკრატიაზე. ვინ და მათ ყველაზე კარგად იციან, რომ თუნდაც არასრულყოფილი დემოკრატიის პირობებში პრინციპულად შეუძლებელია მარგინალები ფლობდნენ ძალაუფლებას. მმართველი გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვიწრო წრეში, “სწორი მენტალობის” მქონე განდობილთა მიერ ხდებოდეს. მონაწილეობის გაფართოება მათთვის სასიკვდილო საფრთხეა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვან.

IV

თუმცა, პოლიტიკური ძალაუფლების ფლობისა და დესტრუქციული კულტურული ოპოზიციონერობის  შეუთავსებლობა უკვე აშკარად იჩენს თავს. 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი იძულებული გახდა გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყო და კულტურულ რევოლუციაზე დროებით უარი ეთქვა. ე. წ. სახელისუფლო ლიბერალების ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ, რომ თითქოს მან შეაჩერა "რადიკალური რეფორმები", გულისხმობს სწორედ საზოგადოებაზე "კულტუროსნული ძალადობის" შეჩერებას და არა რაიმე ინსტიტუციონალურ (მით უმეტეს ლიბერალდემოკრატიულ) ცვლილებებზე უარის თქმას.

საერთოდ, სახელისუფლო ლიბერალიზმი საინტერესო ფენომენია.სააკაშვილის ხელისუფლების განაცხადმა “მენტალურ რევოლუციაზე” გამოიწვია ქართული საზოგადოების ერთგვარი დეკონსტრუქცია - მარგინალური ცნობიერების, იდენტობის კრიზისის მქონე პიროვნებების კონსოლიდაცია და მათი წინა პლანზე წამოწევა. მართალია, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ამ ახალმა ფენამ ვერ შეძლო ძველი კულტურული ელიტის ჩანაცვლება, მაგრამ გარკვეულ ინტერესთა ჯგუფად, კერძოდ სახელისუფლო ინტელიგენციის ერთგვარ მემკვიდრედ  მაინც ჩამოყალიბდა. ერთგვარი ბედის ირონია ამაში ნამდვილად არის: ამ ხალხისთვის ხომ სწორედ ძველი ნომენკლატურული ინტელიგენცია იყო მთავარი “კლასობრივი მტერი” და თუკი არ უნდოდათ ვინმეს მგვანებოდნენ, სწორედ მათ, ვისაც ყველზე მეტად დაემსგავსნენ, მაგრამ სწორედ ამაშია მარგინალიზმის პარადოქსი. როცა “მენტალური რევოლუციისა” და კულტურული ოპოზიციონერობის საყრდენად ხელისუფლების მხარდაჭერას ირჩევ, იძულებული ხდები ხელისუფლების კრიტიკისგან თავი შეიკავო და ისეთი რაღაცეები გაამართლო ან წაუყრუო, რაც არათუ ლიბერალიზმის ჩარჩოებში, არამედ ელემენტარულ ადამიანურ ნორმებშიც არ ჯდება.


ამიტომ სახელისუფლო ლიბერალიზმი სხვა არც არაფერია, თუ არა კულტურული მარგინალიზმის იდეოლოგიზირებული ფორმა. სხვანაირად რომ ვთქვათ, სააკაშვილის მომხრე ლიბერალებისთვის ლიბერალიზმი მეორადი პროდუქტია - პირველადი და მთავარი კულტურული გარემოს მიუღებლობაა. ამიტომაცაა მათი ლიბერალიზმი ასეთი შერჩევითი, შეზღუდული და დოქტრინული. ამიტომაა მათთვის მასმედიის დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვანი ქალიშვილობის ინსტიტუტზე მსჯელობა, ხოლო  ადამიანის თავისუფლება საერთოდ არ წარმოადგენს პრიმარულ ღირებულებას - პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიები სულაც არ არის პრინციპულად მიუღებელი, გააჩნია ვის მიმართ ხორციელდება. ამიტომ ხვდება ეს ხალხი ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარი აღფრთოვანებით ათი ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის თუ ორმოცი ათასი კომლი ბური ფერმერის საქართველოში ჩამოყვანის აბსურდულ იდეებს. ყველაფერი, რასაც კი ჩვეულ კულტურულ ურთიერთობებში დისონანსი შეაქვს, მათთვის ავტომატურად პროგრესული მოვლენაა.

მაგრამ სახელისუფლო ლიბერალების ინტერესები ერთია და თავად ძალაუფლების შენარჩუნების ტექნოლოგიაში კულტურული ოპოზიციონერობა არანაირად არ ჯდება. ეს ისეთივე არაბუნებრივი რამაა, როგორც ხელისუფლების მომხრე რეპერი, რაც ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება არსებობდეს.  ამიტომაც სააკაშვილიც იძულებულია კომპრომისებსზე წავიდეს: დაურიგოს ინტელიგენციას ინდაურები,  გახსნას “მზიურის” ვარსკვლავი, აჩუქოს ჯიპები ეპისკოპოსებს და ა. შ. თუმცა, კომპრომისები მარტო ამით არ შემოიფარგლება. ძალაუფლების ტექნოლოგია ასევე მოითხოვს სააკაშვილისგან პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავდეს მთელი რეპრესიული აპარატი - არა მარტო პოლიცია და სპეცრაზები, არამედ ამხანაგობების თავმჯდომარეები, სარჩევნო უბნის კოორდინატორები, სხვადასხვა სპეცდავალებათა შემსრულებელი პარტაქტივისტები, ე. წ. ზონდერ-ბრიგადები. მთელი ეს სამეფო ამალა არანაირად არ წარმოადგენს კულტურულ ოპოზიციას, პირიქით, საკმაოდ ვულგარული ტრადიციონალიზმის ადეპტები არიან, მაგრამ მათ გარეშე ხელისუფლებას არ შეუძლია “მენტალური რევოლუციის” პროექტების განხორციელება.იქმნება პარადოქსული სიტუაცია, რომლის უმტკივნეულოდ გადაჭრა შეუძლებელია. ხელისუფლების წინაშე თანდათანობით, ნელ-ნელა, მაგრამ საკმაოდ გამოკვეთილად დგება დილემა: ან კულტურულ ოპოზიციონერობაზე საბოლოოდ უარის თქმა და ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცება, ან მენტალური რევოლუციის მცდელობის გაგრძელება, რაც გარდუვალად გამოიწვევს ხელისუფლების სრულ მარგინალიზაციას საზოგადოებისგან და, აქედან გამომდინარე, მართვის სადავეების  შენარჩუნება შეუძლებელი გახდება.

V

ეს პროცესი უკვე დაწყებულია ხელისუფლების შიგნით, სადაც ასევე ნელ-ნელა იკვეთება ორი  დისკურსი - პრაგმატული, ანუ წმინდა ავტორიტარული, ყოველგვარი კულტურული ოპოზიციონერობის გარეშე და, იდეალისტური, ანუ მენტალური რევოლუციის  გაგრძელება-გაღმავების. ერთადერთი, რაც ამ დიკურსებს შორის წინააღმდეგობას ჩქმალავს, არის თავად მიხეილ სააკაშვილის პიროვნება, რომელიც თავისი პერსონალური ძალაუფლების მეშვეობით აბალანსებს ამ შეუთავსებელ დისკურსებს.

ჩემის აზრით, მეორე მიმართულება არის სრულიად განწირული. რომც მოხერხდეს და სააკაშვილის წასვლის შემდეგ მართვის სადავეები ამ ხალხს დარჩეს ხელში, ისინი ან იძულებული გახდებიან თავად დაადგნენ შიშველი ავტორიტარიზმის გზას, ან უბრალოდ ვერ შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. კულტურული მარგინალიზმის მეინსტრიმად დამკვიდრების მცდელობა, როგორც უკვე ვთქვით, პრინციპულად განუხორციელებელია.  საზოგადოება, სადაც ვთქვათ, თეა თუთბერიძე მეინსტრიმული კულტურის ტიპიური წარმომადგენელი იქნება, ბუნებაში არ არსებობს და არც არასოდეს იარსებებს.

რაც შეეხება წმინდა სახის ავტორიტარიზმს, ასეთი პერსპექტივა ამ ქვეყანაში სრულიად რეალურია. ამის პირველი ნიშნები უკვე არის განათლების სისტემაში, სადაც მინისტრი შაშკინი ისე ექცევა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, როგორც ენკევედეს ხელმძღვანელი ხალხის მტრებს და ამის გამართლება უკვე აღარ ხდება არანაირი ნათელი ლიბერალური იდეალებით, როგორ ეს ლომაიას რეფორმების დროს იყო.

ამ სიტუაციაში ფრიად საშური საქმე იქნებოდა ქართული ლიბერალური რესურსის კონსოლიდაცია, მაგრამ არა მენტალური რევოლუციის და კულტურული ოპოზიციონერობის, არამედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველზე. თუმცა ამის დიდ პერსპექტივას პირადად მე ვერ ვხედავ. სახელისუფლო ლიბერალებს საკმაოდ დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსები აქვთ იმისთვის, რათა განაგრძონ თავიანთი უიმედო ბრძოლა ქართული კულტურული გარემოს საკუთარ თარგზე გამოჭრისთვის. უფრო სავარაუდოა, რომ თანდათანობით გამწვავდება წინააღმდეგობა მათსა და სახელისუფლო პრაგმატიკოსებს შორის. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი სულაც არ აპირებს პენსიაზე გასვლას და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ის ყოველთვის ითამაშებს პრაგმატიკოსებსა და  იდეალისტებს შორის დაპირისპირებაზე, რაც ორივე მხარისთვის ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ სანამ სააკაშვილია პრეზიდენტი, ისინი არ გაიწირებიან.

მესმის, რომ ძალიან მძიმე სურათი დავხატე, მაგრამ თუ ამ სურათს მივიღებთ, როგორც რეალობას, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი გამოჩნდება ძალიან ლოგიკური და რაციონალური. მოზაიკის ყველა დეტალი ჩაჯდება თავის ადგილზე. ეს დიდი ვერფერი ნუგეშია, მაგრამ თუ გვინდა დავინახოთ გამოსავალი, ჯერ ის უნდა გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით.

ერთი რამ კი გადაჭრით შემიძლია ვთქვა: როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მომავალი, მარგინალების მმართველობა ამ ქვეყანაში სააკაშვილის ეპოქასთან ერთად სამუდამოდ დასრულდება. ის უკვე უახლოვდება დასასრულს და წინ  საკმაოდ მძიმე “პახმელია” გველის. სააკაშვილმა მოახერხა და პრაქტიკულად ყველა სახის რეტროგრადიზმის მორალური რეაბილიტაცია მოახდინა. ამიტომ პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში, გვინდა თუ არა ჩვენ ეს, იმდენი თითქოსდა ჩარეცხილი ნაგავი ამოტივტივდება, რომ მათ განეიტრალებას სრულიად ახალი ძალა და ენერგია დაჭირდება.

არცთუ მთლად სასიამოვნო პერსპექტივა, მაგრამ ასეა. ღამურების გადაფრენა ძალაუფლების ოლიმპზე პირველი და უკანასკნელი კია, მაგრამ ეს განწირულის სულისკვეთება უკვალოდ მაინც არ ჩაივლის.