Monday, July 26, 2010

მასონის ქურქში გახვეული გლადიატორი (რეცენზია რეცენზიაზე)

ნამდვილად არ მეგონა, თუკი ასეთ სტატიას დავწერდი. მაგრამ ამ დღეებში ამ ფილმის იმდენი ანტირეკლამა წავიკითხე, რომ ჯერ ფილმის ნახვა მომინდა და შემდეგ - ამ სტატიის დაწერა.
        
       გიგი თევზაძე.. „ რიდლი სკოტისრობინ ჰუდიდა მასონთა პირველი შეთქმულება

____


მეც ნამდვილად არ მეგონა, თუკი კინორეცენზიის მაგვარ რამეს დავწერდი. მაგრამ როცა გიგის სტატია წავიკითხე,  ჯერ ფილმის ნახვა მომინდა და შემდეგ ამ რეპლიკის დაწერა.

თავიდანვე ვიტყვი: მსგავსი კრეტინობა იშვიათად მინახავს.  ამ შემთხვევაში ორიგინალური ვერ ვიქნები, რადგან ფილმი გაქირავებაშიც ჩავარდა და კრიტიკოსებმაც მიწაში ჩადეს. ერთადერთი გიგი თევზაძე აღმოჩნდა იმდენად ორიგინალური, რომ თავის სტატიაში წარბშეუხრელად  განაცხადა: ვფიქრობ, ეს ისეთი ფილმია, რომლის ნახვითაც მოზარდიც მიიღებს სიამოვნებას action-ით და მოზრდილიც - იმ იუმორისტული და პაროდიული ინტელექტუალიზმის გამო, რომელსაც ფილმი გვთავაზობს.

მოდი და ამის შემდეგ სძლიე ცდუნებას! სულ არაფერში რომ არ ენდობოდე კაცი გიგი თევზაძეს, მაინც იფიქრებ, ასეთ უაზრო ტყუილს როგორ იტყვის თქო, იმას ხომ საერთოდ არ დაუშვებ, რომ  შავს თეთრისგან ვერ არჩევს და ელემენტარული სისულელე პაროდიული ინტელექტუალიზმი ჰგონია? ბოლო–ბოლო თვითონ ითვლება ინტელექტუალად, ამხელა უნივერსიტეტის რექტორია, წიგნებს წერს, შარშან თუ შარშანწინ „საბას“ ნომინანტიც იყო...

 ჰოდა მეც ვნახე და უნდა ვაღიარო, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

Tuesday, July 20, 2010

რატომ ვარ ოპოზიციაში

1.

დავიწყებ იმით, თუ რის გამო არა ვარ.

მე არ ვარ არც სამსახურიდან გაშვებული ავტოინსპეტორი, არც ქურდული სამყაროს თაყვანისმცემელი, არც ეთნიკური ნაციონალისტი. არც რელიგიური ფუნდამენტალისტი, არც ყოფილი კორუმპირებული მოხელე და არც შევარდნაძის დროს გამდიდრებული ბიზნესმენი, რომელმაც წილები დაჰკარგა,

მე არა ვარ ხელისუფლებაზე განაწყენებული იმის გამო, რომ თანამდებობა არ მომცეს ან ძალაუფლება არ გამინაწილეს. პირიქით, საკმაოდ მაღალი პოსტიც მეკავა და არაფორმალური ურთიერთობების დონეზე სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში ვითვლებოდი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა მქონდა გიგა ბოკერიასთან, ვანო მერაბიშვილთან,  გივი თარგამაძესთან და გიგი უგულავასთან. სხვა ახლანდელი მაღალჩინოსნებიდან კი ზოგი პალტოს მხდიდა მიშას მისაღებში, ზოგი სიგარეტზე მეგზავნებოდა და ზოგი ყავას მიდუღებდა.

ამას სამარიაჟოდ არ ვყვები. მართლა ასე იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ისეთი ხელისუფლება, სადაც ამდენი ჩემი ახლობელი და მეგობარი იქნება, საქართველოში არასდროს აღარ მოვა.

Friday, July 9, 2010

ორიენტირი



ამას წინათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დისკუსიის დროს ერთი ყოფილი ჩინოვნიკის შესახებ გამოვთქვი კრიტიკული აზრი. ეს ჩინოვნიკი თავის დროზე განაგებდა სოციალური დახმარების პროგრამებს და მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული იქნა კრიტერიუმები, თუ ვის ეკუთვნოდა სოციალური დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. ამ კრიტერიუმების მიხედვით თუკი ადამიანს სახლში ჰქონდა ტელევიზორი, კბილის პასტა ან  ღმერთმა ნუ ჰქნას, გაზქურა, ის არ ითვლებოდა სოციალურად დაუცველად და დახმარება არ ერგებოდა.

მოკლედ, ჩემი აზრით, მომაკვდინებელი არგუმენტი მოვიყვანე და სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კაცის დამცველი სრულიად პირწიგნაკის მასშტაბით აღარ გამოჩნდებოდა. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, რომ არათუ გამოჩნდნენ, ზოგიერთებმა ლამის აქეთ დამდეს ბრალი ჩამორჩენილობასა და ეკონომიკის არცოდნაში.

ეს რომ ვიღაც დეგენერატებს ექნათ, ყურადღებას არც მივაქცევდი, მაგრამ ჩემი ოპონენტები არც უწიგნურები არიან, არც სულელები, არც რაიმე პათოლოგიური მიდრეკილებებში შემჩნეულები და, საერთოდ ურთიერთკეთილგანწყობილი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

აი, მაშინ დავფიქრდი: რანაირად შეიძლება, რომ ნორმალური, განათლებული და თითქოს ყველა ნიშნით პროგრესული ადამიანი (რას ვერ დააბრალებ მათ და კონსერვატიზმს და რეტროგრადობას) ასეთი დაუნდობელი იყოს? რანაირად შეიძლება ასე გაიმეტო არაერთი ადამიანი, რომელთა შესახებაც არც არაფერი იცი გარდა იმისა, რომ უკიდურესად გაჭირვებულია?. არ იცი, რატომ ჩავარდა ამ მძიმე დღეში, რა ცხოვრება გაიარა, რა დააშავა ან რაში არ გაუმართლა... 

Sunday, July 4, 2010

კარის დარაჯი: შესვლა აკრძალულია, ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.

ეს სტატია ცხრა წლის წინ დავწერე და დღემდე მაქვს განცდა რომ მკითხველი საზოგადოების მიერ არ იქნა ჯეროვნად დაფასებული. არადა უმნიშვნელო ისტორიულ ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, ოდნავადაც არ დაუკარგავს აქტუალობა. 

შესავალი: დიადიდან სასაცილომდე

ყველა განვითარებული ქვეყანა თავის თვითკმაყოფილებაში ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყველა განვითარებადი ქვეყანა თავისებურად უკმაყოფილოა საკუთარი ბედით.

ყველაფერი აირია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. სანამ მთელი დასავლეთი გორბიმანიის ეიფორიაში იმყოფებოდა, პერესტროიკით ინექცირებული საბჭოეთი ისე გაიფცქვნა, ვითარცა კომბოსტოს თავი. არადა რა კარგად მიდიოდა ყველაფერი: სახაროვი გამოუშვეს, ჰონეკერი დაიჭირეს, პინოჩეტი გადადგა, სოლჟენიცინი დაბრუნდა, სტალინი დაიგმო, ბროდსკი დაიბეჭდა, ჩაუშესკუ დაამხეს, ჰაველი აირჩიეს... და ხარობდა სრულიად დასავლეთი: პარიზელი ახალგაზრდობა ტყირპიანი გენსეკის გამოსახულებიანი მაისურებით ბირჟაობდა, ბერლინის კედლის ნანგრევებზე როჯერ უოტერსის “კედელი” ჟღერდა, და იყო სპიჩთაცვეანა – “ახალი მსოფლიო წესრიგი,” “ახალი აზროვნება,” “ერთიანი ევროპა ატლანტიკიდან ურალამდე” და ა. შ... ეჰ, კარგი დრო იყო... რასაკვირველია მათთვის, ვისაც დიადი ილუზიების ფონზე სასაცილოდ არ ჰყოფნიდა რეგიონული მასშტაბის ნაციონალისტთა დინების აღმა ჭყუმპალაობა და სერიოზულად ჯეროდა, რომ ტოტალიტარული იმპერიიდან დემოკრატიულ თანამეგობრობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

 საბჭოთა კავშირი კი მაინც დაინგრა და ახლა ვეღარ გაიგებ ვინ მტერია, ვინ მოყვარე. აღმოსავლეთ ევროპა კიდევ ჰო, აი, ამ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში კი ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. კაცი რომ დღეს დიდი რეფორმატორი გგონია, ხვალ ქურდი და მამაძაღლი აღმოჩნდება. თანაც (ბედი არ გინდა?) ყველა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიციებია, კულტურა, რელიგია, და მხოლოდ ოფიციალური პირები გვანან ერთმანეთს თავიანთი სამგანზომილებიანი ორპირობით: ერთს ლაპარაკობენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. რაც მთავარია, ყველა უკმაყოფილოა, რადგან ყველა თვლის, რომ დასავლეთი მათ არასაკმარისად ეხმარება.

მაინც რა განსაზღვრავს განვითარებული ქვეყნების პოლიტიკას ამ არეულ მონასტერში? რა არის ის ამოსავალი წერტილი, რაზედაც დაფუძნებულია სრულიად დასავლეთის პოლიტიკური აქტივობები ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში?

ითვლება, რომ პოლიტიკა სერიოზული საქმეა. შეიძლება ამიტომაც, პოლიტიკაზე ღრმააზროვანი მსჯელობის დროს, ყურადღების მიღმა რჩება ყველაზე მთავარი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მთავარი ძალიან მარტივია. მას ყველა იცნობს და ამიტომ არავინ ცნობს.