Friday, July 9, 2010

ორიენტირი



ამას წინათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დისკუსიის დროს ერთი ყოფილი ჩინოვნიკის შესახებ გამოვთქვი კრიტიკული აზრი. ეს ჩინოვნიკი თავის დროზე განაგებდა სოციალური დახმარების პროგრამებს და მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული იქნა კრიტერიუმები, თუ ვის ეკუთვნოდა სოციალური დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. ამ კრიტერიუმების მიხედვით თუკი ადამიანს სახლში ჰქონდა ტელევიზორი, კბილის პასტა ან  ღმერთმა ნუ ჰქნას, გაზქურა, ის არ ითვლებოდა სოციალურად დაუცველად და დახმარება არ ერგებოდა.

მოკლედ, ჩემი აზრით, მომაკვდინებელი არგუმენტი მოვიყვანე და სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კაცის დამცველი სრულიად პირწიგნაკის მასშტაბით აღარ გამოჩნდებოდა. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, რომ არათუ გამოჩნდნენ, ზოგიერთებმა ლამის აქეთ დამდეს ბრალი ჩამორჩენილობასა და ეკონომიკის არცოდნაში.

ეს რომ ვიღაც დეგენერატებს ექნათ, ყურადღებას არც მივაქცევდი, მაგრამ ჩემი ოპონენტები არც უწიგნურები არიან, არც სულელები, არც რაიმე პათოლოგიური მიდრეკილებებში შემჩნეულები და, საერთოდ ურთიერთკეთილგანწყობილი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

აი, მაშინ დავფიქრდი: რანაირად შეიძლება, რომ ნორმალური, განათლებული და თითქოს ყველა ნიშნით პროგრესული ადამიანი (რას ვერ დააბრალებ მათ და კონსერვატიზმს და რეტროგრადობას) ასეთი დაუნდობელი იყოს? რანაირად შეიძლება ასე გაიმეტო არაერთი ადამიანი, რომელთა შესახებაც არც არაფერი იცი გარდა იმისა, რომ უკიდურესად გაჭირვებულია?. არ იცი, რატომ ჩავარდა ამ მძიმე დღეში, რა ცხოვრება გაიარა, რა დააშავა ან რაში არ გაუმართლა... 


თურმე შეიძლება...



საბჭოთა კავშირში გავიზარდე და შემზარავი ისტორიები პირსისხლიან კაპიტალისტებზე ჩემი ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილი იყო, როგორც საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“, მუდამ ათ საათზე რომ იწყებოდა და მის გამო თვით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი წყდებოდა.

საბჭოური იდეოლოგია სკოლის მერხიდანვე ამკვიდრებდა ჩვენს ბავშვურ ცნობიერებაში აზრს, რომ კაპიტალისტური დასავლეთი, ეს არის საზოგადოება, სადაც ადამიანი ადამიანისთვის მგელია, ამის სანაცვლოდ მუდმივად მოჰყავდათ ლენინის ციტატა, რომ სოციალიზმის პირობებში ადამიანი ადამიანისთვის მეგობარი ამხანაგი და ძმაა.

თანამედროვე ფემინისტები ლენინის ამ სიტყვებში უპირველეს ყოვლისა მამაკაცური ეგოიზმის გამოვლინებას დაინახავდნენ – რატომ მაინც და მაინც „ძმა“ თქვაო, მაგრამ ლენინურ მემკვიდრეობაში სქესთა თანასწორობის პრობლემა მაშინ ყველაზე ნაკლებად მანაღვლებდა (მაინც და მაინც არც ახლა მანაღვლებს). მთავარი ის იყო, რომ ბავშვობის ასაკიდან გამოსულმა ძალიან  კარგად დავინახე:,იმ საზოგადოებაში, რომელსაც „განვითარებული სოციალიზმი“ ერქვა, მთელი სისტემა ადამიანზე ძალადობის, მის თავისუფალი ნების ჩაკვლისა  და ტოტალური სიყალბის ზეობაზე იყო აწყობილი. რა მეგობარი, რის ამხანაგი, რა ძმა, რის და...

და რახან აქ სიყალბე იყო, ავტომატურად დავასკვენი, რომ ის, რასაც კაპიტალიზმსა და კაპიტალისტებზე ჰყვებიან, ასევე სიყალბეა და სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.

შეიძლება ითქვას, ყოველივე დასავლურის აღქმა ყოველივე საბჭოურის ერთგვარ სარკისებურ ანარეკლად, ჩემი თაობის ლიბერალურ და პროდასავლურად განწყობილ ნაწილში ერთგვარ დაუწერელ დოგმატადაც კი ჩამოყალიბდა. ეს ეხებოდა არა მარტო ანტიკომუნიზმის საკულტო ფიგურებს, როგორებიც იყვნენ აუგუსტო პინოჩეტი, რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი,რომლებიც ძალიან გვიყვარდა, იმიტომ რომ საბჭოთა პროპაგანდა მათ ყველაზე მეტს აგინებდა, არამედ საერთოდ ყველაფერს: მაგალითად  ჩვენ ალალად გვჯეროდა, რომ დასავლეთში უმუშევრები სულ ნებაყოფლობითი ბომჟები და გამოუსწორებელი ზარმაცები არიან და რომ  თავისუფალი ბაზარი ყველაფერს იდეალურად არეგულირებს,



ესე სასუმელი არავის აცდა. აბსოლუტურად არავის. ჩვენ ყველანი სტიქიური ლიბერტარიანელები ვიყავით ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჰაიეკისა და ფრიდმანის წიგნებს წავიკითხავდით.

და ეს ლიბერტარიანული იდეალიზმი, რომელ;იც ლამის ექსკლუზიურად იყო იდენტიფიცირებული  პროდასავლურობასთან, ალბათ ერთადერთი მემკვიდრეობაა, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდის ახალგაზრდებმა საბჭოთა პერიოდში აღზრდილი პირველი თაობის ლიბერალებისგან მიიღეს და გაითავისეს. გაითავისეს ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმით, სქემატურობით და დოქტრინულობით.

თუმცა დოქტრინულობაცაა და დოქტრინულობაც. ერთია თეორია და მეორეა, როცა ამ თეორიის პრაქტიკული განხორციელება ხდება.  წარმოიდგინეთ ადამიანი, არა ზოგადად, არამედ სრულიად კონკრეტული, სახელისა და გვარის მქონე, რომელიც შიმშილით კვდება, შენ კი ხელში პური გიჭირავს, მაგრამ არ აძლევ – ჰაიეკს სხვანაირად უწერიაო. 

თითქოს ყველა ნორმალური ადამიანის მიერ  ასეთი სიტუაცია ცალსახად უნდა იყოს აღქმული, თითქოს ცხადზე უცხადესია, რომ ამის გამკეთებელი კაცი ან გიჟია ან ძალიან ბოროტი, მაგრამ არა...


ჩვენს შემთხვევაში ერთგვარი ბედის ირონია ისაა, რომ ეს ხალხი, რომლებმაც ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს მათთვის სრულიად უცნობი ადამიანები, ქართულ საზოგადოებას საბჭოთა კავშირში ჩარჩენილად მიიჩნევენ, საკუთარ თავს კი პროდასავლელ ლიბერტარიანელებად. არადა არცერთი თეორია არ შეიძლება იყოს დოგმა. რახან ეკონომიკური ლიბერალიზმი  სკეპტიკურად უყურებს სახელმწიფოს როლს მოსახლეობის სოციალური დაცვის კონტექსტში, არ შეიძლება უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანს სახელმწიფომ უარი უთხრას დახმარებაზე იმ მოტივით, რომ მას სახლში კბილის პასტა აქვს. საბჭოთა ტოტალიტარიზმის არსი სხვა არაფერია, თუ არა პიროვნების უარყოფა და დოქტრინის სრული დომინანტი პიროვნებაზე. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ მათი პრინციპული ლიბერტარიანელობა არაფრით განსხვავდება იმ ბოლშევიკი ფუნქციონერის  სულისკვეთებისგან, რომლის ამოცანაც იყო გაენადგურებინა კულაკობა, როგორც კლასი. მერე რა თუ დიადი მიზნების აღსრულებისას ვინმე უსამართლოდ დაიჩაგრება? ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა...

თუკი დასავლელი ინტელექტუალების დიდი ნაწილი მისი გარემომცველ რეალობაში დანახულ უსამართლობას აპროტესტებდა და  ამ ფონზე ერთგვარად აიდეალებდა სტალინურ საბჭოეთს თუ მაოისტურ ჩინეთს, ჩვენებური ინტელექტუალების ერთი ნაწილი სრულიად საპირისპირო უკიდურესობაშია გადავარდნილი: მათ გულწრფელად აღაშფოთებთ ხელისუფლების მხრიდან დაშვებული უსამართლობა რუსეთში, ირანში, ჩინეთში თუ შვეიცარიაში და საერთოდ არ ენაღვლებათ ის ადამიანი, რომელიც მათ გვერდით ცხოვრობს. ანკი რატომ უნდა ენაღვლებოდეთ? ის ხომ ჩამორჩენილი გრუზინ–გურჯია: მაია ასათიანის „პროფილს“ უყურებს, „მგზავრებს“ უსმენს, ქუჩებში ზასაობას არ იწონებს და მარშუტკაში პირჯვარს იწერს. მოკვდეს მაგის...

 და აქ ჩემთვის კიდევ ერთი რამ გახდა ცხადი: რა ადვილად შეიძლება ადამიანი გახდეს ჯალათი, რა ადვილად შეიძლება გაამართლო სტალინური გულაგი, ნაცისტური კონცლაგერები, ინკვიზიციის კოცონები და კიდევ ბევრი უბედურება. ამისთვის სულ მცირე რამ არის საჭირო: რაღაც თეორია, აბსტრაქტული სქემა უფრო მაღლა უნდა დააყენო, ვიდრე კონკრეტული ადამიანი. აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა  კომუნიზმის ნათელი იდეალები იქნება ეს თეორია თუ ლიბერალური დემოკრატიის.

ვისაც დეკომუნიზაციასა და დესოვეტიზაციაზე უყვარს ლაპარაკი, კარგი იქნებოდა ის ელემენტარული ჭეშმარიტება გაეცნობიერებინა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა ადამიანის, პიროვნების, პერსონის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას გულისხმობს და არა ერთი თეორიული დოქტრინის მეორით ჩანაცვლებას. ყველა ქმედება, რომელიც უსამართლოა კონკრეტული ადამიანის მიმართ, არის პრინციპულად გაუმართლებელი.

და სანამ რომელიმე ჩვენგანი რაღაც აბსტრაქტულ სქემას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე კონკრეტული ადამიანის მიმართ ჩადენილ უსამართლობას, ჩვენ ვერასდროს გამოვალთ საბჭოთა კავშირიდან, რადგან ტოტალიტარული მემკვიდრეობიდან თავის დაღწევის გზაზე სწორედ ესაა ერთადერთი უმცდარი ორიენტირი. ადამიანი, რომელიც არაა აუცილებლად ჩვენნაირი, ჩვენი კასტის თუ წრის, არამედ ნებისმიერი. 




1 comment:

  1. ლევან, კითხვაც დაგავიწყდა შენ როგორც ჩანს...

    სადააა აქ ავსტრიული სკოლის კრიტიკა? საერთოდ არ ვეხები ამ თემას.

    აქ იმ ხალხზეა ლაპარაკი, რომელსაც შეუძლია რაღაც თეორიული კონსტრუქციების გამო დაუშვას და გაამართლოს უსამართლობა კონკრეტული ადამიანის მიმართ.

    ReplyDelete