Monday, July 26, 2010

მასონის ქურქში გახვეული გლადიატორი (რეცენზია რეცენზიაზე)

ნამდვილად არ მეგონა, თუკი ასეთ სტატიას დავწერდი. მაგრამ ამ დღეებში ამ ფილმის იმდენი ანტირეკლამა წავიკითხე, რომ ჯერ ფილმის ნახვა მომინდა და შემდეგ - ამ სტატიის დაწერა.
        
       გიგი თევზაძე.. „ რიდლი სკოტისრობინ ჰუდიდა მასონთა პირველი შეთქმულება

____


მეც ნამდვილად არ მეგონა, თუკი კინორეცენზიის მაგვარ რამეს დავწერდი. მაგრამ როცა გიგის სტატია წავიკითხე,  ჯერ ფილმის ნახვა მომინდა და შემდეგ ამ რეპლიკის დაწერა.

თავიდანვე ვიტყვი: მსგავსი კრეტინობა იშვიათად მინახავს.  ამ შემთხვევაში ორიგინალური ვერ ვიქნები, რადგან ფილმი გაქირავებაშიც ჩავარდა და კრიტიკოსებმაც მიწაში ჩადეს. ერთადერთი გიგი თევზაძე აღმოჩნდა იმდენად ორიგინალური, რომ თავის სტატიაში წარბშეუხრელად  განაცხადა: ვფიქრობ, ეს ისეთი ფილმია, რომლის ნახვითაც მოზარდიც მიიღებს სიამოვნებას action-ით და მოზრდილიც - იმ იუმორისტული და პაროდიული ინტელექტუალიზმის გამო, რომელსაც ფილმი გვთავაზობს.

მოდი და ამის შემდეგ სძლიე ცდუნებას! სულ არაფერში რომ არ ენდობოდე კაცი გიგი თევზაძეს, მაინც იფიქრებ, ასეთ უაზრო ტყუილს როგორ იტყვის თქო, იმას ხომ საერთოდ არ დაუშვებ, რომ  შავს თეთრისგან ვერ არჩევს და ელემენტარული სისულელე პაროდიული ინტელექტუალიზმი ჰგონია? ბოლო–ბოლო თვითონ ითვლება ინტელექტუალად, ამხელა უნივერსიტეტის რექტორია, წიგნებს წერს, შარშან თუ შარშანწინ „საბას“ ნომინანტიც იყო...

 ჰოდა მეც ვნახე და უნდა ვაღიარო, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.




პირველი აზრი, რაც ამ თითქმის ორსაათნახევრიანი ნაცოდვილარის დასრულების შემდეგ დამებადა, ის იყო, რომ  რა მანქანებით შეიძლება ოდნავ ჭკუადამჯდარმა ადამიანმა დაინახოს აქ ან ე,წ, ექშენი, ან „იუმორისტული და პაროდიული ინტელექტუალიზმი“?  

არადა როცა გიგი თევზაძე თავის სტატიაში ფილმის შინაარსს ჰყვება, მკითხველს შეიძლება ასეთი შთაბეჭდილებაც შეექმნას.

მართლაც, სიუჟეტის მიხედვით რობინ ჰუდი სულაც არ არის დიდგვაროვანი რობერტ ლოკსლი. არამედ, უბრალო მშვილდოსანი რობინ ლონგსტრაიდია. თვით ლოკსლი, ისევე როგორც მეფე რიჩარდ ლომგული, ფილმის დასაწყისშივე კვდება. ლონგსტრაიდს ლოკსლის მამულში დაღუპული მეომრის ხმალი ჩააქვს და იქ, მოხუცი ლოკსლის თხოვნით მის შვილად ასაღებს თავს.

მოგვიანებით  აღმოჩნდება, რომ ლონგსტრაიდის გარდაცვლილი მამა  თავისუფალ ქვისმთლელთა, ანუ მასონთა მოძრაობის დამაარსებლი ყოფილა, მოხუცი ლოკსლი კი მისი თანამოაზრე. უფრო მეტიც, სწორედ ლონგსტრაიდის მამის დაწერილია  ცნობილი Magna Carta, თავისუფლების დიდი ქარტია, რომელიც თურმე ლოკსლების მამულში ინახება საიდუმლოდ. 

როდესაც ეს ამბავი ირკვევა, ლონგსტრაიდ–ფსევდოლოკსლი თავისუფლების დიდი ქარტიის მიღების პოლიტიკური ლიდერი ხდება, ამ ნიშნით აერთიანებს ინგლისელ დიდგვაროვნებს, მეფისგან ლიბერალური რეფორმების გატარების პირობას იღებს და  პირობის მიღებისთანავე უკვე გაერთიანებულ ლაშქარს მიუძღვება ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომლებიც ამასობაში ვერაგულად მოსდგომიან ლა–მანშს. სასტიკ ბრძოლაში ინგლისელები იმარჯვებენ, მტერი უკუიქცევა და თითქოს ყვეელაფერი კარგადაა. ბოროტსა სძლია კეთილმან, მაგრამ თურმე ახლა იწყება თავდავიწყება!

ფილმის დასასრულს მეფე ჯონი დიდგვაროვნებს გადააგდებს და თავისუფლების ქარტიას მათ თვალწინ დაწვავს, რობერტ ლოკსლის კი  მოღალატედ გამოაცხადებს. ამ უკანასკნელსაც სხვა რა გზა აქვს და გავა ფირალად შერვუდის ტყეში. ასე ხდება რობინ ლონგსტრაიდ–ფსევდოლოკსლი  – რობინ ჰუდი. ქატო იქა, ფქვილი აქა.



მოკლედ, ინტელექტუალიზმისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ასეთი სიუჟეტით მელ ბრუკსი ან აბრაჰამს–ცუკერები კაი გემრიელ პაროდიას გამოაცხობდნენ, რიდლი სკოტი კი მთელ ამ გალიმათიას აბსოლუტური სერიოზულობით მოგვითხრობს.. ფილმში არათუ ირონიის და პაროდიის, იუმორის  ნასახიც არ არის და გადაღებულია  პირქუშ, ეპიურ–ნატურალისტურ მანერაში. სიუჟეტი მიედინება დუნედ, არადინამიურად, არავითარი „ექშენი“. ბრძოლის სცენებიც უხეიროდაა დადგმული. თან როგორც ჩანს, რეჟისორს სიბერეში მისი ძმის, ტონის ერთი მავნე ჩვევაც აუთვისებია – ესაა, თუ შეუძლება ასე ითქვას, მოხტუნავე კამერით გადაღება, როცა კადრი აქეთ–იქით დახტის და დაქანაობს – რატომღაც ითვლება, რომ ამით თანდასწრების  ეფექტი იქმნება. არადა მხოლოდ ნერვებს გიშლის მაყურებელს: ვეღარ არჩევ ვინ ვის ჩაარტყა და როგორ...

რაც მთავარია, ყოველივე ამის შესამჩნევად სულაც არაა საჭირო იყო პროფესიონალი კინოკრიტიკოსი. რასელ ქროუ  რობინ ჰუდის როლში უბრალოდ საშინელებაა, ის პრაქტიკულად  მეთორმეტე საუკუნის ინგლისში გადმოსული გლადიატორი მაქსიმუსია, მუდამ ჯმუხი, შეჭმუხნული და გულჩათხრობილი, სცენარისტების მიერ დაწერილ ყველა იდიოტიზმს არანაკლებ იდიოტური სერიოზულობით რომ ანსახიერებს. მაქს ფონ ზიდოვი და უილიამ ჰერტი კლასის ხარჯზე კი ახერხებენ რაღაცას თავიანთ ეპიზოდურ როლებში, თუმცა ბევრს ვერაფერს. ყველა დანარჩენი პერსონაჟი სახსენებლადაც არ ღირს – იმდენად ჰგვანან ერთმანეთს უფერულებით და უღიმღამობით, რომ მაყურებელი შეიძლება ვეღარც არჩევდეს ვინ ვინაა.

ერთადერთი ნათელი წერტილი მთელ ამ  კინოკოშმარში არის მხოლოდ კეიტ ბლანშეტი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ  ბრწყინვალე მსახიობია, მაგრამ მისი ბრწყინვალება ფილმის სიღატაკეს ვერანაირად ვერ  ფარავს.



ახლა კი პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ და კიდევ ერთხელ ვიკითხოთ: რანაირად მოხდა, რომ გიგი თევზაძის გარდა მთელ მსოფლიოში ვერავინ შეამჩნია ამ ფილმში  ჩამარხული იუმორისტული და პაროდიული ინტელექტუალიზმი“?

ამის ახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია თუ  დავუშვებთ, რომ გიგი თევზაძე მართლაც ინტელექტუალია, ღრმა აზროვნებით გამოირჩევა და კარგი გემოვნება აქვს. მაგრამ საკმარისია დავუშვათ რომ ეს ასე არ არის და შეიძლება პირიქითაც კი იყოს, ყველაფერი ძალიან მარტივად აიხსნება.

თუმცა, ერთ ნიჭს გიგის ვერ წაართმევ: მას ძალიან კარგად შეუძლია საკუთარი თავის მოაზროვნე ინტელექტუალად წარმოჩენა. იმდენად კარგად, რომ მერე რა სისულელეც არ უნდა თქვას და დაწეროს, უკვე შექმნილი იმიჯის წყალობით ლამის სიბრძნედ ასაღებს.

რაც მთავარია, ახლა ის დიდი კაცია,  ხელისუფლებასთან დაახლოებული, ინტელექტუალი მეტრის ნომენკლატურული სტატუსით, ვინ გაუბედავს რამეს? ჰოდა თუკი ადრე გარკვეულწილად თავს არიდებდა იმ თემებზე მსჯელობას, რაშიც არაკომპეტენტური იყო, დღეს მუხრუჭები აღარა აქვს. მიდი, მოვდივარ! ლაპარაკობს  რაც კი თავში მოსდის და სრულიად დარწმუნებულია, რომ გაუვა. სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ. აქამდე ყველაფერი გაუვიდა და...



რათა უფრო თვალნათლივ დავრწმუნდეთ რა მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოკლედ შევეხოთ იმასაც, თუ რისი პაროდირება დაინახა გიგი თევზაძემ ფილმში.  რამე რომ არ დამბრალდეს, პირდაპირ ციტირებას მოვახდენ მისი სტატიიდან:


  1. დიდი ქარტიის წარმოშობის ისტორიას - რომელიც მართლაც მეფე ჯონის დროს მიიღეს და მართლაც იყო სამოქალაქო ომების დასრულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და რომელიც, საყოველთაოდ მიღებული აზრის მიხედვით, საფუძვლად დაედო თანამედროვე წარმოდგენებს პოლიტიკური და სოციალური თავისუფლებების და უფლებების შესახებ;
    2. თავისუფალ მასონთა ლოჟის შესახებ მითებს: მასონთა ლოჟები მე-16-17 საუკუნეში წარმოიშვა ბრიტანეთში, თუმცა, მასონთა შესახებ გავრცელებული მითის მიხედვით, ის ადრეული შუა საუკუნეებიდან არსებობს (ცნობისთვის, რობინ ჰუდის ამბავი მე-12 საუკუნეში მოხდა);
    3. შეთქმულების თეორიას ზოგადად, ხოლო კონკრეტულად იმას, რომ ამ სამყაროში თავისუფლების პოლიტიკურ იდეას საფუძველი მასონებმა ჩაუყარეს;
    4. თანამედროვე ჰოლისტურ (გამაერთიანებელ) მიდგომას ისტორიისადმი, რომლის მიხედვითაც, თუკი კარგად გამოვიკვლევთ, ყველაფერი კავშირში აღმოჩნდება - მაგ. რობინ ჰუდის ისტორია „სინამდვილეში“ თავისუფლების დიდ ქარტიასთანაა კავშირში, და არა ნოტინჰემის შერიფის და ლოკსლების ოჯახის საგადასახადო დავასთან;

მე რომ მკითხოს კაცმა, აქ კომენტარები ზედმეტია (უძლურია), მაგრამ საჭიროა, რამდენადაც  გიგის მაგიური იმიჯი ბევრ ჭკვიან მკითხველზეც ისე მოქმედებს, რომ ეს უკანასკნელი საკუთარ თვალებსაც აღარ უჯერებს და ფაქტობრივად უარს ამბობს წაკითხულის შინაარსის გაგებაზე.

არადა რაა აქ გაუგებარი? რაის დიდი ქარტიის ისტორიის  და მასონთა ლოჟის შესახებ  მითების პაროდირება? პაროდირება შესაბამის სტილისტიკას გულისხმობს, ქვეტექსტებს და მინიშნებებს, თორემ ისტორიული ფაქტების  წაღმა–უკუღმა ტრიალი ჰოლივუდის ფილმებისთვის უკვე ჩვეული კლიშეა. ასეთი ფილმები ტონა ათ შაურადაა და მათ შორის რიდლი სკოტის „რობინ ჰუდი“  მხოლოდ განსაკუთრებული სიჩლუნგით თუ იქნება გამორჩეული.  შე კაი კაცო, თუ ტერლტაუბის „ეროვნული საგანძური“ არ იცი (ესეც კაი ქლიავობაა, მაგრამ „რობინ ჰუდთან“ შედარებით შედევრია), ინდიანა ჯონსის სერიები მაინც არ გინახავს ბავშვობაში?  ხოლო ისტორიის  პაროდირება თუ გაინტერსებს რაა, იგივე მელ ბრუკსის „მსოფლიო ისტორია“ ნახე ან ზემეკისის „ფორესტ გამპი.“



და რა შუაშია აქ  თანამედროვე ჰოლისტურ (გამაერთიანებელ) მიდგომა ისტორიისადმი, რომლის მიხედვითაც, თუკი კარგად გამოვიკვლევთ, ყველაფერი კავშირში აღმოჩნდება ამის გაგება ჩემს ძალას აღემატება. გიგის ლოგიკას რომც ავყვეთ (რაც არაა ადვილი საქმე), არანაირად არ გამოდის, რომ რობინ ჰუდის და თავისუფლების დიდი ქარტიის ერთმანეთთან დაკავშირება გამორიცხავს ლოკსლების და ნოტინჰენმის შერიფის საგადასახადო დავას, პირიქით, თუ ყველაფერი დაკავშირებულია, მაშინ ორივე უნდა იყოს.

და ბოლოს, მთავარი მარგალიტი, ფილმი თურმე პაროდირებს:

5. თანამედროვე განხილვის/აზროვნების წესს, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: „სინამდვილეში სულ პირიქით იყო საქმე“, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება ბოლო ორ საუკუნეში დეტექტიური ჟანრის და შეთქმულების თეორიის უზომო გაპოპულარებას. ეს უკანასკნელი, კარგად თუ დავაკვირდებით, თანამედროვე აზროვნებისათვის უტყუარი და მოუშორებელი ნიშანის - კვალის და საფუძვლის ძიების და ფარული კავშირების აღმოჩენის/გამოძიების რადიკალურ-გაუნათლებელი ფორმაა.

ესე იგი. რა უნდა ვიფიქროთ აქ? თურმე არის რაღაც თანამედროვე განხილვის/აზროვნების წესი, რომელიც რაღაც მოვლენის ინტერპრეტირებისას გვიბიძგებს იმისკენ, რომ რასაც ვხედავთ, იმის საპირისპირო დავინახოთ! ჯერ ერთი რატომაა ეს წესი თანამედროვე და  მეორე: შეიძლება ვიღაც პარანოიკები ყველგან ყველაფერს პირიქით აღიქვამენ, მაგრამ  როდის აქეთ გახდა ასეთი პარანოია „თანამედროვე აზროვნების წესი“? დავიჯერო ფილოსოფოს კაცს უილიამ ოკამის სახელგანთქმული სამართებელი მაინც არ გაუგონია – რაციონალური განხილვა/აზროვნების  ერთ–ერთი ფუძემდებლური პრინციპი? 

ჰო და ეს თანამედროვე აზროვნების წესი თურმე კიდევ ბოლო ორ საუკუნეში დეტექტიური ჟანრის და შეთქმულების თეორიის უზომო გაპოპულარებას“ უკავშირდება. ანუ, უნდა ვივარაუდოთ, შერლოკ ჰოლმსი იმიტომაა დღემდე პოპულარული, რომ კაცობრიობა პარანოიაში გადავარდა და ყველგან შეთქმულებები ელანდება. შეთქმულების თეორია კი ყოფილა არც მეტი, არც ნაკლები, თანამედროვე აზროვნებისათვის უტყუარი და მოუშორებელი ნიშანის - კვალის და საფუძვლის ძიების და ფარული კავშირების აღმოჩენის/გამოძიების რადიკალურ-გაუნათლებელი ფორმა.

არა, კაი ლუდით რომ ჩაუჯდე, გიგი თევზაძის განაზრებები იქნებ ინტელექტუალიზმის მწვერვალადაც მოგეჩვენოს კაცს, მაგრამ მე ამდენს ვერ  დავლევ! ხოლო ვინც ამ აბდაუბდიდან რაიმე აზრის გამოტანას მოახერხებს, ის ალბათ იმასაც  ალალად დაიჯერებს, რომ რიდლი სკოტის „რობინ ჰუდი“ თანამედროვე ხედვებზე და აზროვნების წესებზე გადაღებული კარგი კომედიაა.“






5 comments:

  1. vnaxe filmi, da dzaan unichobaaa..... ubralod kinos mxriv dzaan "nagavia",

    ReplyDelete
  2. ძალიან ბერვი ენერგიაა დახარჯული სტატიაზეც და მის ამ პასუხზეც.
    ერთი შემიძლია ვთქვა, ეს ფილმი ამდენ სიტყვად არ ღირს.
    თუმცა მა კონკრეტულა დავაში მე უფრო გიგისკენ ვიხრები, რადგან მეც სწორედ ის გრძონა გამჩნდა რაც მას აქვს აღწერილი, გამეცინა იმ ადამიანების გულუბრყვილობაზე, ვინც შესაძლო რამე კავშირს დაინახავს რობინ ჰუდსა და მაგნა კარტას შორის.
    ეგ არის და ეგ.

    ReplyDelete
  3. არა, ეს "გიგის მაგია" მართლა სერიოზული ფენომენია...

    ReplyDelete
  4. ფილმი გაარჩიეთ როგორც ფილმი და ისტორიული მოვლენები ისტორიული თვალსაზრისით. და საერთოდ სიამოვნების მიღება ორივეგან შეიძლება. სრულყოფილება არცერთი არ არის. მე მომწონს სკოტის ფილმები და ესეც ძალიან მომეწონა.
    Robin Hood http://wp.me/pMchR-1N

    ReplyDelete
  5. იუ დავით ჩემი სათქმელი თქვი ამ კოშმარულ ფილმზე....

    ReplyDelete