Saturday, August 14, 2010

როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, ანუ ფეისბუქის კიდევ ერთი აპოლოგია

წინამდებარე ტექსტი, შეიძლება ითქვას, ნანა ზარდიაშვილის ძველი პუბლიკაციის ერთგვარი სიქველია. მის წერილში „ფეისბუქის აპოლოგია“ პირველად ითქვა, რომ ფეისბუქი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება და საინტერესოდ იყო ნაჩვენები ამ სოციალური ქსელის დაფარული პლასტები,  ვისაც არ წაუკითხავს, შეგიძლიათ ისიამოვნოთ:  http://www.facebook.com/#!/note.php?note_id=170526553561

მე მინდა კიდევ ერთ ასპექტს მივაპყრო ყურადღება, რომელიც ძალიან სპეციფიურია  და ერთგვარად გამოარჩევს „ქართულ“ ფეისბუქს სხვებისგან. ოღონდ კარგად რომ გახდეს გასაგები რას ვგულისხმობ, ცოტა შორიდან უნდა მოვუარო

ვისაც დიდხანს  მოუწია საბჭოთა კავშირში ცხოვრება, თითქმის  არავინ მეგულება,  ერთგვარი ნოსტალგიით რომ არ იგონებდეს იმდროინდელ ადამიანურ ურთიერთობებს. ეს ახასიათებს აბსოლუტურად ყველას, ყველაზე ლიბერალ და „პრადვინუტ“  პერსონებსაც. საგულისხმოა, რომ ძველებურ სიამტკბილობას ადამიანურ ურთიერთობებში სწორედ საქართველოში მისტირიან, ,ყველა სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ამაზე ან საერთოდ არ ჩივიან, ან ბევრად ნაკლებად.

ახალგაზრდებს მსგავსი ნოსტალგია არ აწუხებთ და ამიტომ არ სჯერათ (ბუნებრივია, იმ ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ, ვინც ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი არც ისე ცუდი იყო და ახლა ქართველობას გვართმევენ, თუმცა ასეთებიც არიან). მათთვის ყოველგვარი აპელირება საბჭოთა წარსულზე, რომელიც რაღაც დადებითი ემოციითაა შეფერილი, მხოლოდ უფროსი თაობის განუკურნებელ რეტროგრადულობაზე მიუთითებს,


მართლაცდა იმდენჯერ ითქვა და ისეთი ხალხის მიერ, რომ ადრე სულ სხვა სიყვარულობა და ჩახუტება იყო – მისვლა–მოსვლა, სტუმრიანობა, გადაპატიჟება და ა.შ...  სულაც არაა გასაკვირი ვინმეს მსგავსი ტექსტების გაგონებაზე გული ერეოდეს, მე რომ ახალგაზრდა ვიყო, ალბათ ასეთივე რეაქცია მექნებოდა.

არადა ეს ურთიერთობები არც ლეგენდაა და არც მითი. უბრალოდ მისი აღწერა ორიოდ სიტყვით შეუძლებელია, აქ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თავისი არსით რომ ტიპიური საბჭოთა სპეციფიკაა და დღევანდელი რეალობიდან თვისობრივად განსხვავებული.

პიროვნულობის უკანასკნელი თავშესაფარი

ის, რომ საბჭოთა კავშირი ტოტალურ ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული სისტემა იყო, საქართევლოში პრაქტიკულად ყველამ იცოდა. ზოგი ამას აპროტესტებდა, უმრავლესობა ეგუებოდა, მაგრამ თავად სიყალბის და ტყუილის მეუფება ეჭვქვეშ არ იდგა. ყოველ შემთხვევაში, „ზასტოის“ პერიოდში ნამდვილად ასე იყო, სტალინის ეპოქისგან განსხვავებით.

ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ კომუნისტური ტოტალიტარიზმი აღიქმებოდა როგორც გარდუვალი ბოროტება, ანუ მის შეცვლის მცდელობას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მისი გათავისება და სერიოზულად მიღებაც არ ხდებოდა. სისტემის მიმართ დომინირებდა წმინდა მომხმარებლური დამოკიდებულება - იდეური კომუნისტი 70-იანი წლების საქართველოში სანთლით უნდა გეძებნა, და ეს მაშინ, როცა ერთ სულ მოსახლეზე  ყველაზე მეტი პარტიის წევრი იყო აღნუსხული. ქართველები ყველანაირად არიდებდნენ თავს საბჭოთა არმიაში სამსახურს და თუ მაინც უწევდათ ჯარში წასვლა, ცდილობდნენ სადმე თბილად მოწყობილიყვნენ, სამზარეულოში, ბიბლიოთეკაში, ან სამშენებლო ბატალიონში. კონფორმიზმი საჯარო სივრცის მიმართ ფაქტობრივად  საზოგადოებრივი მორალის შემადგენელი ნაწილი იყო, ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობების დაუწერელი ნორმა.

და ასევე საზოგადოებრივი მორალის შემადგენელი ნაწილი გახდა ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ პირადი ურთიერთობების საკრალიზაცია. პირადი ურთიერთობები, ნათესაობა და მეგობრობა იქცა ერთგვარ ავტონომიური სივრცედ,  სადაც ტოტალური სიყალბე ნაკლებად აღწევდა. საბჭოთა ქართველი მხოლოდ მეგობარ–ახლობლების წრეში თავისუფლდებოდა მკაცრად დადგენილი შეზღუდვებისა და თავსმოხვეული სოციალური როლის ბორკილებისგან, მხოლოდ აქ შეეძლო თავისუფლად მსჯელობა ისეთ თემებზე, რაც საზოგადოდ აკრძალული და დასჯადი იყო, ამ სივრცეში ის აღარ იყო სისტემის ჭანჭიკი, არამედ იყო პიროვნება, ინდივიდი, პერსონა, ადამიანი.

არსებობდა კიდევ რამდენიმე დამატებითი ფაქტორი, რაც უფრო მეტად კრავდა და განამტკიცებდა ამ ურთიერთობებს. თუნდაც ის, რომ საბჭოთა ყოფა იყო უაღრესად სტაბილური და მთელი ცხოვრების გზა პრაქტიკულად დაბადებიდანვე შეგეძლო დაგეგეგმა, აქედან გამომდინარე, ძალიან დაბალი გახლდათ იმის ალბათობა, რომ ჩამოყალიბებული ურთიერთობები რაიმე სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების გამო დარღვეულიყო გარდა ამისა, საბჭოთა ეპოქაში არ იყო დიდი განსხვავება სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის. ბავშვობის მეგობრებიდან ერთი ვთქვათ შეიძლება მინისტრი გამხდარიყო, მეორე მწერალი და მესამე ინჟინერი, მაგრამ ამის გამო  მათ შორის კომუნიკაცია არ წყდებოდა და ხშირ შემთხვევაში ადრინდელი ინტენსივობის ხარისხსაც ინარჩუნებდა.

და ბოლოს, არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობდა ის მომენტი, რომ საბჭოთა საქართველოში თითქმის არ იყო კაფე–ბარები, ანუ თითქმის არ იყო ადგილი, სადაც შეიძლებოდა სახლიდან გამოსული ადამიანი სადმე ჭიქა ყავაზე ან ჩაიზე ჩამოჯდარიყო. სულ რესტორანში ხომ არ წახვიდოდი? თანაც არც რესტორანი იყო მაინც და მაინც ბევრი, დღევანდელთან შედარებით ბევრად ნაკლებიც. ამიტომ კომუნიკაციის მთავარი ფორმა ერთმანეთის ოჯახებში მისვლა–მოსვლა,  სტუმრობები და შეკრებები უფრო იყო.


საბჭოთა საქართველოში პირადი ურთიერთობები გახდა პიროვნულობის უკანასკნელი თავშესაფარი უპიროვნობისა და ნიველირების სამყაროში. მკაფიოდ გამიჯნული საჯარო სივრციდან. საერთოდ პირადი და საჯარო სივრცეები მეტ–ნაკლებად ყველა საზოგადოებაში გამიჯნულია ერთმანეთისგან, მაგრამ საბჭოთა საქართველოში ამ გამიჯვნას ფაქტობრივად ანტაგონისტური ხასიათი ჰქონდა – პირადი, როგორც საჯაროს ალტერნატივა. სწორედ ამიტომაც, ეს ურთიერთობები მართლაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ჰქმნიდა,  სრულიად უნიკალურს და განუმეორებელს. მიუხედავად იმისა, რომ სრული გამიჯვნა ვერ ხერხდებოდა და ვერც მოხერხდებოდა, იყო ამაში რაღაც ლამაზი და ამაღელვებელი. ყველა უფრთხილდებოდა ამ სამყაროს, როგორც რაღაც საკრალურს, ძალიან ძვირფასს და ინტიმურს. ისიც სათქმელია, რომ აქ საკუთარი ინდივიდუალობის, „ნამდვილი მეს“ შენარჩუნება არც ისე ჭირდა, რადგან სისტემა პირად სივრცეში პრაქტიკულად არ ერეოდა. 

ჩვენი დღეების აპოკალიფსი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. პირადი ურთიერთობების საკრალურობა ხომ მთლიანად სტაბილური ტოტალიტარიზმის ბაზისზე იყო დაფუძნებული, ბაზისის გამოცლამ  კი ასეთი რუდუნებით ნაგები ურთიერთობები ძალიან მოწყვლადი გახადა. მოხდა ისე, რომ ვიღაცეები პოლიტიკური სიმპატიების  (ზვიადისტი–ანტიზვიადისტი) გამო  დაშორდნენ ერთმანეთს, ვიღაცამ ვალები აიღო და ვეღარ გაისტუმრა, ვიღაცამ საქმიან ურთიერთობებში ვერ ივარგა, ვიღაცა ძალიან გამდიდრდა, ვიღაცა გაღატაკდა და ა. შ. ცხადია, ყველაფერი არ წაშლილა, მაგრამ ძველის შენარჩუნება პრინციპულად შეუძლებელი გახდა.

არ ვიცი, შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არაა ჯეროვნად შეფასებული იმ ფსიქოლოგიური კატაკლიზმის მნიშვნელობა, რაც ამ საკრალიზებული ურთიერთობების მოშლამ გამოიწვია. იმ თაობას, რომელსაც საბჭოთა ეპოქიდან პოსტსაბჭოთაში მოუწია გადასვლა, ძველებური ურთიერთობების კვალი ერთგვარი ფანტომური ტკივილივით გამოჰყვა: ვიღაცა წარსულის ნოსტალგიაში გადაიჭრა, ვიღაცამ თავი დაარწმუნა, რომ ის რაც იყო, სულაც არ იყო კარგი, ვიღაც კი შეეცადა თავი ისე დაეჭირა თითქოს არაფერი მომხდარა, არადა მოხდა: ფაქტობრივად ცხოვრების წესის შეცვლა მოხდა.   

ჩვენ არ ვიყავით მზად ასეთი ცვლილებებისთვის და ვერც ვიქნებოდით. ჩვენ გვეგონა, რომ ის ურთიერთობები, რომლებიც წლების მანძილზე ყალიბდებოდა და ჩვენი ინდივიდუალობის განუყოფელ ნაწილად აღიქმებოდა, რაღაც ბუნებრივი და მარადიული იყო. არ ვიცი, შეიძლება ამჯერადაც ვაჭარბებ, მაგრამ ვფიქრობ ისტერიამდე მისული ჭარბი ემოციურობა, რომელიც დღემდე რჩება ქართული პოსტსაბჭოთა პერიოდის უკვდავ–თანამდევ სულად, რაღაც დოზით ამ ურთიერთობების მოშლითაც იყო გაპირობებული. ჩვენ დავკარგეთ ყველაზე მთავარი, ის სივრცე, სადაც ჩვენი „ნამდვილი მე“ მყოფობდა, სხვა სივრცეებთან ადაპტაცია კი უბრალოდ ვერ მოვასწარით. პირადი და საჯარო სივრცეები სრულიად აიხლართა  ერთმანეთში და სულის მოსათქმელი კუნძულიც აღარ დაგვრჩა.



შედეგი: ზნეობრივი კრიტერიუმების სრული აღრევა. ნებისმიერი მდგრადი სისტემა ხომ პირველ რიგში სწორედ საზოგადოებრივი  მორალის საძირკველზეა აშენებული,. ჩვენთან კი მის საჭიროებაზეც არავის უფიქრია. მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ამ კატაკლიზმის ასე თუ ისე გადახარშვა, მაგრამ ამას საერთო სურათი არ შეუცვლია.

რამდენადაც განსაკუთრებული როლი ეკავა პირად ურთიერთობებს საბჭოთა საქართველოში, იმდენადვე მძიმე იყო ამ ურთიერთობების მორღვევის შედეგები პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის. ესაა ის, რაც გარკვეულწილად  განასხვავებს ქართულ პოსტსაბჭოეთს, ვთქვათ აზერბაიჯანულისა თუ ესტონურისგან. საზოგადოებრივი მორალი, ანუ ის დაუწერელი კანონები, რომლებიც განსაზღვრავს ურთიერთობებს ადამიანებს შორის, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიდად არ შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში კატაკლიზმზე ლაპარაკიც ზედმეტია.  ვთქვათ, ბალტიის ქვეყნებში 80–იანი წლებშიც ევროპის ნაწილად აღიქვამდნენ თავს და საბჭოთა სისტემისგან გაუცხოება ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა, ცენტრალურ აზიაში კი მაშინაც პატრიარქალური ავტორიტარიზმი ზეობდა,

ისიც არაა შემთხვევითი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც კომუნისტური პარტია პრატიკულად მოკვდა და თუ შევარდნაძეს არ ჩავთვლით, პარტიული ნომენკლტურის რიგებიდან პოლიტიკური ლიდერებიც ვერ გამოვიდნენ. მათ უფრო ბიზნესის სფეროში გადაინაცვლეს, რაც, სრულიად ბუნებრივია, რადგან ქართული ნომენკლატურა იყო ყოველგვარი იდეურობისგან დაცლილი და მთლიანად კორუმპირებული. „ცეხავიკობიდან“კი ბიზნესამდე გაცილებით მოკლე მანძილია, ვიდრე პოლიტიკამდე.

ჩიხი

ასეა თუ ისე, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოთვის ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცა საზოგადოებრივი მორალის  ფაქტობრივი არარსებობა. ზნეობრივი კრიტერიუმების აღრევამ და საზოგადოებრივი მორალის საფუძვლების ნგრევამ ძალიან სერიოზული კვალი დააჩნია 90–იანი წლების ახალგაზრდა თაობას, რომელიც ფაქტობრივად მორალურ ჯუნგლებში გაიზარდა. სწორედ ამიტომ პოსტსაბჭოთა საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც „ყველაფერი მოსულა“, ანუ ქვეყანა, სადაც არ არსებობს არაფორმალური თუ ფორმალური ურთიერთობების ის დაუწერელი ნორმები, რომლის დარღვევაც რაიმე პრობლემას გიქმნის ცხოვრებაში. იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს დაუწერელი კანონები დაწერილზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკიდან, თუმცა ეს აუცილებელი არცაა. არა მგონია ვინმესთვის სადაო იყოს, რომ ადამიანი, რომელიც უხეშად ხელყოფს საზოგადოებრივი მორალის პრინციპებს, ყველა ქვეყანაში განიცდის სერიოზულ დისკომფორტს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში და შეიძლება სულაც მოკვეთონ უახლოეს ნაცნობ–მეგობართა წრიდანაც.

არაფერი ამის მსგავსი საქართველოში არ ხდება. ადამიანმა რაღაც საშინელება თუ არ ჩაიდინა, ვთქვათ ბავშვი არ გააუპატიურა და მერე მოკლა, არანაირი დისკომფორტი არც საზოგადო და არც პირად ურთიერთობებში არ ემუქრება, განკვეთაზე ხომ ლაპარაკი არც არის: ჩვენთან შეიძლება სრულიად დაუფარავად მოიპარო, მოიტყუო, წაართვა, დაჩაგრო და რა ვიცი კიდევ რა არ გააკეთო, მაგრამ ხახვივით შეგრჩეს.

ამიტომაც ვტრიალებთ სულ ჩაკეტილ წრეზე: სულ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით, სულ რაღაც რეფორმებს ვატარებთ და ერთი ჩემი მეგობრის მოსწრებული გამოთქმის არ იყოს, უკვე ათას რეფორმაზე გადამხტარი ხალხი ვართ, მაგრამ საშველი არ ჩანს.

საზოგადოებრივი მორალი ეყრდნობა ადამიანებს შორის ურთიერთობებს და აქ განმსაზღვრელია სწორედ პირადი ურთიერთობები. ვალდებულებების გაცნობიერება სახელმწიფოს მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ადამიანი აცნობიერებს ვალდებულებებს სხვა ადამიანის მიმართ და არა პირიქით.

შეუძლებელია ადამიანი იყოს კანონმორჩილი, თუ კანონმორჩილება არ ხდება საზოგადოებრივი მორალის ნაწილი. საქართველოში საზოგადოებრივი  მორალი კანონმორჩილებას არ გავალდებულებდა, ამიტომ საბჭოთა ქართველს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნდა და ყველაფერი პირად სფეროში ჰქონდა გადატანილი.

ამ სისტემაში, ვთქვათ, ქრთამის აღება დიდი ცოდვა არ იყო, მაგრამ  თუ „კაცობაში ჩაიჭრებოდი“, ანუ პირადი ურთიერთობების საკრალიზებულ ნორმებს დაარღვევდი, შეიძლება საჯარო სივრცეშიც შეგქმნოდა პრობლემები, საზოგადოებაში გამოსაჩენი პირი ხომ ნამდვილად აღარ გექნებოდა. 

პოსტსაბჭოთა საქართველოში უკვე  პირად სფეროშიც აირია ურთიერთობები. ძველი მორალური ნორმები მართალია გამრუდებულ საწყისზე იდგა, მაგრამ რაღაც ეთიკის მაგვარს მაინც უზრუნველყოფდა. პოსტსაბჭოთა პერიოდში კი ქვეყანაში ნამდვილი „ბესპრედელი“  გამეფდა, რაც პრაქტიკულად დღემდე გრძელდება. ამ პირობებში ტრადიციული მორალი და ეთიკა მხოლოდ ხელის შემშლელია მატერიალური კეთილდღეობისა თუ კარიერული წინსვლისთვის. ხოლო საზოგადოება, სადაც უზნეობა და უღირსებობა წარმატების საწინდარია, ბუნებრივია, ვერასდროს გამოვა იმ ჩიხიდან, სადაც თვითონვე შეჰყავს საკუთარი თავი.

დაბრუნება წინსვლით, ანუ, უკან მომავალში.

ეგ ყველაფერი კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ფეისბუქი რა შუაშიაო, იკითხავს ვინმე. ახლავე მოგახსენებთ.

თავის დროზე, ელიტარული ჰარვარდის სტუდენტმა, მარკ ცუკერბერგმა, რომელსაც სერიოზული კომპლექსები აწუხებდა თანაკურსელებთან ურთიერთობებში, ფეისბუქი შექმნა სწორედ იმისთვის, რათა მეტად გახსნილი ყოფილიყო, უკეთ წარმოეჩინა თავი, შეეძინა ახალი მეგობრები, მოკლედ, მოეხდინა საკუთარი პერსონის თვითდამკვიდრება და სოციალიზაცია.

შეიძლება სწორედ ამის გამო, ეს სოციალური ქსელი იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ უზრუნველყოფს ადამიანებს შორის პრაქტიკულად სრულფასოვან ურთიერთობებს. ვერცერთი სხვა ქსელი მას ამაში ვერ შეედრება, ვერანაირი ტვიტერი, მაისფეისი თუ ადნოკლასნიკები. თუმცა, ქსელის უმაგალითო პოპულარობის მიუხედავად, ფეისბუქს მსოფლიოში უფრო ინფორმაციის მიღება-მიწოდების, ასევე რეკლამირებისა და პროპაგანდის მიზნით უფრო იყენებენ, ვიდრე სამეგობროდ.

ამ თვალსაზრისით ქართული ფეისბუქი ალბათ ყველაზე ახლოსაა ავტორისეულ ჩანაფიქრთან. ამ სოციალური ქსელის სახით ადამიანებს კვლავ მიეცათ ურთიერთობების სრულიად უნიკალური საშუალება: ერთის მხრივ, მოხდა  ერთგვარი გამიჯვნა მახინჯი და სასტიკი რეალობიდან, მეორეს მხრივ კი ეს ქსელი თვითონ იქცა რეალობად, პირადი ურთიერთობების დაცულ ტერიტორიად, სადაც ადამიანები ერთმანეთს უმეგობრდებიან, ესაუბრებიან და ეკამათებიან., პოულობენ საერთო ინტერესებს, ხუმრობენ და ლაზღანდარობენ...  


რაღაცას გვაგონებს არა ეს ყველაფერი? დიახ, სწორედ ასეა! ფეისბუქმა გარკვეულწილად, მე ვიტყოდი დიდწილადაც, აღადგინა პირადი ურთიერთობების ის მოდელი, რომელიც საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა. ამხელა ექსკურსიც იმიტომ ჩავატარე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წარსულში, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ  საიდან მოვდივართ და სად ვართ.

რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ის მოდელი არ არის, ვერც იქნება და არცაა საჭირო რომ იყოს – აქ არ იგულისხმება სახელმწიფოს მიმართ კონფორმისტული დამოკიდებულება, მასშტაბიც შეუდარებლად მცირეა, მაგრამ არის ყველაზე მთავარი: ადამიანურ ურთიერთობათა სინაღდე და სითბო, როგორც სისტემის ერთგვარი ალტერნატივა.

ძალიან ძნელია იმას, რაც ჩვეთან ბოლო ოცი წელია გრძელდება, სისტემა უწოდო, მაგრამ დიდი ანგარიშით, განუკითხაობა და მორალური „ბესპრედელიც“ ისევეა სისტემა, როგორც ათეიზმი რწმენა.

ფეისბუქის მეშვეობით ფორმირებული ურთიერთობები,  რაოდენ პათეტიურადაც არ უნდა ჟღერდეს,  სწორედ ამ „ბესპრედელის“ ერთგვარ ალტერნატივაა, დაახლოებით ისეთი, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, ოღონდ 21-ე საუკუნის ციფრული „ნავაროტებით.“  


მართლაც და  სად ნახავთ სხვაგან ისეთ ადგილს, სადაც ადამიანებს შორის იყოს ამდენი კეთილგანწყობა და სიხალისე, ასეთი სერიოზული დისკუსიები პრატიკულად ყველა თემაზე და ეს ყველაფერი მიმდინარეობდეს დაუწერელი მორალური ნორმების დაცვით - ფეისბუქზე არაა მიღებული დაცინვა, უხეშობა, უზრდელობა - ამისთვის არავინ დაგსჯის, მაგრამ ეს ძალიან ცუდი ტონია.

თუკი საბჭოთა საქართველოში ადამიანი მხოლოდ პირადი ურთიერთობების სივრცეში არ იყო ყალბი, არ იყო შენიღბული და ამჟღავნებდა თავის ნამდვილ „მე“-ს, ფეისბუქზე ეს მომენტი კიდევ უფრო მკვეთრად მჟღავნდება. არსად ისე გამოკვეთილად არ წარმოაჩენს ადამიანი თავის თავს, როგორც მაშინ, როცა წერილობით გამოთქვამს თავის აზრს, როგორც ბულატ ოკუჯავას ერთ სიმღერაშია: как он дышит, так и пишет. მეორეს მხრივ, ამ ვირტუალური ურთიერთობების დროს ყურადღება მთლიანად კონცენტრირებულია ნაწერზე და აზრის აღქმაში თანამოსაუბრის სოციალური როლი თუ უფროს-უმცროსობის ფაქტორი ხელს ნაკლებად გიშლის.

ასევე ძალიან საგულისხმოა, რომ უმეტესწილად ეს თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარდება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. ანუ ფაქტობრივად ხდება ურთიერთობების დაწყება ცარიელი ფურცლიდან, რასაც თან ახლავს, შენნაირის და შენი მსგავსის პოვნის, პირველაღმომჩენის სიხარული. ფეისბუქური ურთიერთობები ერთგვარად იმეორებს ცხოვრებისეული ურთიერთობების ლოგიკას: გაცნობა, საერთო ინტერესების გამონახვა, დაახლოება და რაც მთავარია, განსხვავებით გარემომცველი რეალობიდან, აქ არ არის „ბესპრედელი“, აქ არ „იმარჯვებს უძლიერესი“ და არც კაციჭამია ვირთხების გამოყვანა ხდება. აქ წარმატებული ისაა, ვისაც მეგობრების ფართო წრე ჰყავს, ვისაც უსმენენ,  ეკონტაქტებიან, ჩუქნიან სხვადასხვა ფოტოებს და მუსიკალურ კლიპებს, ვის ჩანაწერებსაც ინტერესით ეცნობიან და ა. შ.  იოტისოდენადაც არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც განსხვავებული პოლიტიკური სიმპატიების მქონე ადამიანებსაც კი შეიძლება ძალიან უყვარდეთ ერთმანეთი.


არ მინდა რაღაც იდილია დავხატო ამ სოციალური ქსელიდან, ძალიან ბევრი მომხმარებელი მხოლოდ ფორმალურადაა დარეგისტრირებული, ან ათასში ერთხელ თუ შემოიხედავს, მაგრამ მათთვის. ვინც სისტემატურად სარგებლობს ფეისბუქით ეს ქსელი მართლაც ერთგვარ სულის მოსათქმელ კუნძულად იქცა, სადაც ადამიანური ურთიერთობები მართლა ადამიანურია, სადაც თვალნათლივ ვრწმუნდებით, რომ ადამიანების შეფასება არ შეიძლება მარტოოდენ შავ–თეთრი ფერებით, რომ ყველაფერი გაცილებით რთულადაა და იმავდროულად გაცილებით მარტივადაც შეიძლება იყოს, თუკი პიროვნულ ურთიერთობებს სოციალ–პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ხუხულებით არ დავამძიმებთ.

სად მივყავართ ფეისბუქის ლინკებს?

დაკვირვებული ვარ: ფეისბუქის რეგულარული მომხმარებლებიდან საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები გაცილებით უფრო დაუფარავად და ემოციურად გამოხატავენ თავიანთ სიმპატიას „ფრენდის“ მიმართ, ვიდრე ახალგაზრდები: არ იშურებენ თბილ სიტყვებს, „ლაიქებს“ და მფეთქავი გულების სიცილაკებს, მოკლედ, ლამის ხარობენ ერთმანეთით.  ეს არაა შემთხვევითი. მათ ხომ კვლავ აღმოაჩინეს საკუთარი თავი, საკუთარი ნამდვილი „მე“, თითქოს მივიწყებული,  წარსულში უიმედოდ ჩარჩენილი, მაგრამ თურმე ჯერ კიდევ ცოცხალი. ჩვენ, ვისაც პირადი ურთიერთობები გვიმსუბუქებდა ტოტალიტარიზმის აუტანელ სტაბილურობას, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ის ძველი შეგრძნებები არათუ უკვალოდ არ წაშლილა, არამედ ძალიან გვაკლდა – მეგობრული, ინტიმური ატმოსფერო, სადაც ის ხარ, რაც ხარ და სადაც შენს თავს მთელი სისავსით წარმოაჩენ.

ახალგაზრდების დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. მათთვის ფეისბუქის სამყარო  არანაირად არ ასოცირდება წარსულთან და უფროსი თაობის ნოსტალგიას ძველებურ ურთიერთობებზე დაუფარავი ირონიით აღიქვამენ. მათ ხომ ასეთი ურთიერთობების გამოცდილება არა აქვთ. მაგრამ აქ მთავარი სხვაა და  სწორედ ეს „სხვა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი,   

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა თაობის ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი საშუალო და უფროსი თაობისგან განსხვავებით, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით  ფეისბუქის აქტიური მომხმარებელია.

ბუნებრივია, ისინი მუდამ ახალგაზრდები არ იქნებიან, მაგრამ ის დაუწერელი ეთიკის კოდექსი, რომელიც ფეისბუქის თაობის ვირტუალურ ურთიერთობებში მოქმედებს, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ. სხვათა შორის, "ფეისბუქის თაობა" ჩემი მოგონილი ტერმინი არ არის, ბრიტანეთში სემინარიც კი ჩატარდა ამ თემაზე. 


სისტემატური და ყოველდღიური კომუნიკაციები ამ სოციალურ სქელში თანდათანობით, ნელ–ნელა, მაგრად საკმაოდ მყარად გაჩვევს იმ აზრს, რომ ადამიანი არის პიროვნება, ინდივიდი, პერსონა და არა რაღაც სოციალური როლის შემსრულებელი კონტრაგენტი. რომ ოპონენტი არ არის მტერი, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეოლოგიური კონსტრუქტები, რომ სისულელეა ადამიანები დაჰყო პროგრესულებად და რეტროგრადებად ასაკობრივი ნიშნის მიხედვით, რომ განსხვავებულ შეხედულებებზე კამათი შეიძლება, მაგრამ ცხოვრება სწორედ იმითაა საინტერესო, რომ ეს განსხვავებები არსებობს და მათ არსებობის უფლება აქვთ ..

გარდა ამისა, ამ სივრცეში ძალიან მკაფიოდაა მონიშნული ე. წ. წითელი ხაზები, ანუ ის, რაც არავითარ შემთხვევაში „არ მოსულა.“  ფეისბუქზე წამგებიანია აროგანტულობა და ქედმაღლობა, ეგოცენტრიზმის, მლიქვენელობის, დოქტრინულობის დემონსტრირება, პირიქით, რაც უფრო გახსნილი და კეთილგანწყობილი ხარ, მით უფრო კარგად გრძნობ თავს. აქ ფასდება ინტელექტი, განათლება, იუმორის გრძნობა... აქ ყოველთვის შეგიძლია ნახო ხალხი, ვისთანაც სიამოვნებით ისაუბრებ მუსიკაზე, ლიტერატურაზე, ფეხბურთზე და რაგინდარა თემაზე, მოკლედ, ფეისბუქში წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც კი ჯობია  „კარგი“ ტიპი იყო, ვიდრე „ცუდი.“

რაც მთავარია, აქ არავინ არაფერს გასწავლის, არავინ გმოძღვრავს მენტორულად,   არამედ ყველაფერ ამას საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებით ეზიარები და ის დაუწერელი წესები, რაც ვირტუალურ სამყაროში მოქმედებს, თავისთავად ხდება შენი ქცევის განმსაზღვრელი ადამიანებთან ურთიერთობებისას. თანდათანობით, ნელ–ნელა, მაგრამ ხდება.

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფეისბუქი რაღაც ციური მანანასავით მოგვივლინა უფალმა პოსტსაბჭოურ „ბესპრედელში“ ჩარჩენილ ქართველებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სოციალური ქსელი ხელს უწყობს ადამიანებს შორის შემწყნარებლური ურთიერთობების, ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბებას. უფრო მეტიც. ეს არის ისეთი ტენდენცია, რომლის მნიშვნელობაც შესაძლოა ჯერ კიდევ არა გვაქვს სათანადოდ  გაცნობიერებული.

ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც დღეს რომ ფეისბუქის „ვოლებზე“ დახეტიალობს, ხვალ ამ ქვეყნის ბატონ–პატრონი გახდება და აქ შეთვისებულ ეთიკურ ნორმებს, შეძენილ ჩვევებსა და დამოკიდებულებებს ვერსად ვერ გადააგდებს. ამიტომ მათში ნაკლებად იქნება ის ცინიზმი, უგულისყურობა და განუკითხაობის განცდა, დღეს რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით.

და ეს ნამდვილად არაა პატარა საქმე. საზოგადოებრივი მორალი, რომლის მწვავე დეფიციტსაც განიცდის დღეს ქართული საზოგადოება. სწორედ ადამიანის შინაგან კულტურას, ადამიანური ურთიერთობების დაუწერელი კანონებს ეყრდნობა.  ამის სწავლა შეუძლებელია სემინარებით და ტრეინინგებით.  ვერ ვიტყვი რომ ფეისბუქი საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მორალის ფორმირებას ახდენს, მაგრამ მნიშვნელოვანი  ხელშემწყობი ფაქტორი რომაა, ამას წყალი არ გაუვა.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა უნდა გადავიდოთ ფეხი ფეხზე და დაველოდოთ, სანამ ფეისბუქის თაობა მოვა ხელისუფლებაში და თხას და მგელს ერთად მოაძოვინებს. გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ოღონდ მართლა. თუკი ჩვენ ყველანი შევეცდებით მაქსიმალურად გადმოვიტანოთ ურთიერთობების ფეისბუქური მოდელი ყოველდღიურ ყოფაში, დარწმუნებული ვარ, ცხოვრება თუ მშვენიერი არა, გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება, ვიდრე არის.

პრინციპში ეს ასეც ხდება, ძალიან მცირე მასშტაბით, აქა–იქ მიმოფანტულ სანაცნობო წრეებში, მაგრამ ხდება. სხვა რომ არაფერი, პირადად მე ნამდვილად ვიცი, რომ არაერთი ჩემი ვირტუალური მეგობარი, რომელიც არ გამოირჩევა პოლიტიკური ოპოზიციისადმი დიდი სიმპატიით, აწი სხვა ადამიანის მიმართაც არ განეწყობა აპრიორი ნეგატიურად მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ოპოზიციონერია. ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რაც კი ბოლო დროს მიმიღია, იყო ერთი ჩემი ახალგაზრდა „ფრენდის“, ძალიან მომხიბვლელი და ნიჭიერი გოგონას სასხვათაშორისოდ თქმული რეპლიკა ვალერია ნოვოდვორდკაიას მონოლოგზე, სადაც რუსი დისიდენტი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ქართველ ოპოზიციონერებს: „წარმოგიდგენია, შარშან ამ დროს ამაზე არც კი ავღშფოთდებოდიო.“ ასეა, ის ურთიერთობა, რომლებიც ამ  სივრცეში ამყარებ ადამიანთან, თავისთავად ხდება უფრო აღმატებული, ვიდრე  მისი სოციალური როლი, და ეს კარგია.   

ზუსტად იგივე შემიძლია ჩემს თავზეც ვთქვა და დარწმუნებული ვარ, უკვე არც ისე  მცირე იქნება მათი რიცხვი, ვისაც ანალოგიური განცდა აქვს. ესეც არაა ცოტა და ესეც კარგია.

გაივლის დრო და ფეისბუქის სოციალური ქსელი საქართველოშიც ისეთივე ტიპის მოხერხებული საკომუნიკაციო საშუალება გახდება, როგორიც სხვა ქვეყნებშია. ის ალბათ დაჰკარგავს იმ განუმეორებელ ხიბლს, რასაც დღევანდელი განუკითხაობის ფონზე ადამიანური ურთიერთობის  სითბო გვანიჭებს, ის აღარც უფროს თაობას გაგვახსენებს ეტორე სკოლას  ფილმივით, თუ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და არც ახალგაზრდებში დამკვიდრებს რათაც ეთიკურ იმპერატივებს, მაგრამ ესეც არაა ცუდი. პირიქით. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს საზოგადოებრივი მორალი და პიროვნულობის თავშესაფრის ძიება არც სამზარეულოებში გვჭირდება და არც სოციალურ ქსელებში.

არ ვიცი რამდენად დამაჯერებელი აპოლოგია გამომივიდა და რამდენად აქვს საფუძველი ჩემს ასეთ ოპტიმიზმს, მაგრამ მჯერა, რომ ფეისბუქის პატარა ღვაწლიც იქნება იმაში, რომ დადგება დრო, როცა პირადს  და საზოგადოებრივს აღარავინ ჩათვლის ანტაგონისტურ სივრცეებად, და ეს მოხდება არა კულტურული რევოლუციის ხუნვეიბინური პათოსის დამკვიდრებით, არამედ იმ ბანალური  ჭეშმარიტების  გაცნობიერებით, რომ სწორედ პიროვნულ ურთიერთობების ეთიკურობაზე დგას ყველანაირი საზოგადოებრივი  ურთიერთობები. ამიტომაც ეს ჩანაწერები ო`ჰენრის უკვდავი გამონათქვამით მინდა დავასრულო: „მთავარი ის  კი არაა რომელ გზას ვირჩევთ, არამედ ის, რაც  ამა თუ იმ გზის არჩევისკენ გვიბიძგებს.“



2 comments:

  1. miuxedavad imisa rom garkveul sakitxebshi ar vetanxmebi avtors zalian saintereso statia iyo da bevr rameze damapikrebeli...

    facebook-s rom qartul sazogadoebashi ufro gansxvavebuli roli akvs vidre ucxoetis kveynebshi es namdvilad faktia, tundac ikidan gamomdinare rom qartveli facebook-is momxmareblebi ufro advilad aziareben tavian shesaxeb informacias vidre ucxoetshi, ufro sajaroebi arian da xshir shemtxvevashi gia akvt taviati profilebi ara-megobari xalxistvisac....

    magram meore ufro didi ganmasxvavebeli nishani qartuli facebook-uri sivrcisa isaa rom ak konktaktebis shenarchuneba ufro meore xarisxzea da mtavaria informaciis gacvla... kontaktebis shenarchuneba patara saqartveloshi sakmaod advilia, nebismier dros shegizlia sasurveli adamiani inaxulo, magram ai didi kveynebis mosaxlebisatvis, mit umetes xshiri mogzaurobis rejimshi es sakmaod ishviati fufunebaa,....

    amitom qartuli facebook-i titkos ufro shemecnebiti da informatiulia (ara marto pirovnebis shesaxeb, aramed zogadad sazogadoebistvis saintereso temebis tvalsazrisit)tavisi bunebit vidre magalitad dasavlet evropis kveynebis facebook-urii sivrce....

    ise ki gmadlobt saintereso statiistvis da originaluri ideebistvis... :-)

    ReplyDelete
  2. „Levan said...
    ფეისბუქის რა გითხრა, მაგრამ მგონი უნებლიედ საბჭოთა პერიოდის აპოლოგია კი გამოვიდა“.

    შეაყარე კედელს ცერცვი...

    ReplyDelete