Thursday, October 14, 2010

ქაჯები

ეს სტატია დავწერე  2007 წლის ზაფხულში. მისი გამოქვეყნება გაზეთ "რეზონანსში" დაემთხვა ოქრუაშვილის პარტიის დაფუძნებას და მის ცნობილ გამოსვლას. გასაკვირი არ არის, რომ სტატია იმდროინდელ აჟიოტაჟში ჩაიკარგა და ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა. ორი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ ნეოფიტმა ფეისბუქელმა, ნოუთის სახით გამოვაქვეყნე, თუმცა, მაშინ ჩემი ფრენდების რაოდენობა დაახლებით ათჯერ ნაკლები იყო და ბევრს ასევე არ უნახავს.

ჰოდა გადავწყვიტე ამ ბლოგზე განვათავსო, მით უმეტეს, დრო კი გავიდა, მაგრამ აქტუალობა მაინც არ დაუკარგავს .

--------------


გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები

რადიო 105–ის რეპერტუარიდან

არის ასეთი რომანი. ორიგინალის ენაზე Бесы. ქართულად თარგმნილია როგორც "ეშმაკნი," თუმცა, ნაწარმოების შინაარსიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, "ქაჯები" უფრო შეეფერება. ავტორი – ფიოდორ დოსტოევსკი. პირველი პუბლიკაციის თარიღი – 1871 წელი. 


რომანი ეძღვნება მე–19 საუკუნის რუს რევოლუციონერ ნიჰილისტებს და ერთგვარ ანტინიჰილისტურ პამფლეტსაც წარმოადგენს. ამის გამო მისი ავტორი იმდროინდელი ლიბერალ–ინტელიგენტების მიერ სასტიკად შეირისხა, ხოლო თავად ნაწარმოები მაშინვე "რეაქციულად" იქნა მონათლული და კარგა ხნის მანძილზე ასეთადაც იხსენიებოდა რუს (და არა მარტო რუს) ლიბერალთა წრეში. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა პერიოდში, როდესაც რევოლიციური თეორიების პრაქტიკაში გადანერგვამ ბოლშევიკური დიქტატურის არცთუ სიმპატიური სახე მიიღო, რომანის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. 

დღეს დოსტოევსკის "ქაჯები" მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული, თანაც, არა მხოლოდ მისი ლიტერატურული ღირსებების გამო. მწერალმა ბრწყინვალედ წარმოაჩინა რევოლუციური იდეოლოგიის მთავარი ბურჯის - ე. წ. "აბსტრაქტული ჰუმანიზმის" არსი, როდესაც კაცობრიობის (საზოგადოების, ხალხის, პროლეტარიატის და ა. შ. კრებსითი კატეგორიების) სიყვარულიდან გამომდინარე არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს კონკრეტული ადამიანი. რას მიქვია ცალკეული პიროვნების ღირსება, უფლება, ან თუნდაც სიცოცხლე, თუკი იგი რაღაც დაბრკოლებას უქმნის საკრალური მიზნის მიღწევას?




საბოლოო ჯამში ამგვარი “ჰუმანიზმი” ყოველთვის ძალმომრეობაში, დიქტატში, ანტიჰუმანიზმში გადაიზრდება, ანუ შედეგი სრულიად საპირისპიროა მიზნის, რაოდენ გულწრფელიც არ უნდა იყოს თავდაპირველი იმპულსი. ასეთია ყველა იმ რევოლუციის ბედი, რომელიც კი საზოგადოების ძირეულ გარდაქმნას, ადამიანების ცნობიერების რადიკალურ შეცვლას ისახავდა მიზნად. საკმარისია გავიხსენოთ საფრანგეთის, რუსეთის თუ ჩინეთის დიდი რევოლუციების ისტორია.

თუმცა, როგორც ცხოვრებისეული პრაქტიკა ცხადყოფს, ისტორიის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ მის მაგალითზე არავინ სწავლობს. მიდიან წლები, იცვლებიან თაობები, რევოლუციური გარდაქმნების სულისკვეთება კი მუდამ ერთი და იგივეა: რაღაც აბსტრაქტული, ზოგადი იდეების განხორციელების მცდელობა კონკრეტული ადამიანების, მათი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში ხელყოფის ხარჯზე. "ქაჯების" აქტუალობაც სწორედ ამაში მდგომარეობს. ეს ნაწარმოები არ ძველდება, რადგან ის რაც მწერალმა რუსული ნიჰილიზმის მხატვრულ გაშარჟებად წარმოაჩინა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში სრული სერიოზულობით იქნა "აღმოჩენილი" სხვადასახვა ტიპის რევოლუციონერების მიერ. მხედველობაში გვაქვს ე. წ. შიგალევშჩინა - რომანის ერთ-ერთი ეპიზოდური პერსონაჟის, ვინმე შიგალევის თეორია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიოს კაცობრიობამ ჭეშმარიტ თავისუფლებას. 

ეს თეორია რომ უაღრესად ნიშანდობლივია, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია თავად დარწმუნდეს. შიგალევშჩინას დედააზრი მთლიანად მოცემულია რომანის მე-7 და მე-8 თავებში. მას არც ისე დიდი ადგილი უჭირავს. აქტუალურ პარალელებზე შორს წასვლა არ დაგვჭირდება, საკმარისია დღევანდელი, ჯერარნახულ-არგაგონილი რევოლუციური საქართველოს რეალობით შემოვიფარგლოთ. 


დემოკრატიის სახელით


როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევის, სასამართლო სისტემის დაქვემდებარების, კანონის უზენაესობის უგულვებელყოფისა თუ სხვა ავტორიტარული ტენდენციების გამო, სააკაშვილის გუნდის იდეოლოგები - ძირითადად არასამთავრობო სექტორის ყოფილი აქტივისტები - ამ ტენდენციებს არც უარყოფენ. პირიქით, პრივატულ საუბრებშიც (ღიად) და საჯარო დისკუსიების დროსაც (ოდნავ შეფარვით) ამტკიცებენ, რომ დღეს საქართველოში ავტორიტარული მმართველობა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ხვალ დემოკრატიამ იზეიმოს.

ეგ როგორაო, იკითხავს ვინმე მიამიტი. პასუხი ძალიან საინტერესოა: თანამედროვე ქართული საზოგადოების მენტალიტეტი არ არის დემოკრატიული ღირებულებების შესატყვისი (აქვე იგულისხმება, რომ ძალაუფლებით აღჭურვილ ჯგუფს სწორედ რომ "დემოკრატიული" მენტალიტეტი აქვს), ამიტომ საჭიროა ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრირება, სახელისუფლო კონტროლისა თუ უშუალო გავლენის განვრცობა საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროზე (ეკლესია, ფეხბურთი, სკოლა, საბავშვო ბაღები და ა.შ.), რათა ხალხის ბნელ მასაში ამ ღირებულებების დანერგვა მოვახდინოთ. პროცედურული დემოკრატიის ნორმების დაცვა პრინციპულად შეუძლებელია, რადგან საზოგადოების უმრავლესი ნაწილი ბნელია და ქურდულ-კომუნისტური მენტალიტეტით დამძიმებული. მათ მოთხოვნებს რომ აყვე, ვერანაირ დემოკრატიულ რეფორმას ვერ გაატარებ. აქ თერაპია უძლურია, ქირურგიული ჩარევაა საჭირო - ყოველგვარი წინააღმდეგობა დაუნდობლად უნდა იქნეს ჩახშობილი, ადამიანების შეგნებაში მყარად უნდა გაჯდეს, რომ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს და მთავრობა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისას გაიტანს.

ბუნებრივია, ვიღაცა უსამართლოდ დაიჩაგრება, ვიღაცა ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს, გარკვეული შეცდომებიც იქნება, მაგრამ სხვა გზა არ არის: ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ გამოადნობს ახალი, სათანადო მენტალიტეტის მქონე საზოგადოებას. 




აი, ასე! განსვენებული ჯაბა იოსელიანის არ იყოს, თქვენ დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ? პირველად საქართველოში, ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას. თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პირდაპირ აცხადებდა, რომ დღევანდელი საზოგადოება დემოკრატიას არ მიიღებს და საქართველოში "ახალი ადამიანის" ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. ხელისუფლების კიდევ ერთი აპოლოგეტი გია ნოდია კი დაუფარავი სიმპატიით წერდა, რომ სააკაშვილის გუნდის "ერთ-ერთი მთავარი პროექტი" საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლაა, არც მეტი, არც ნაკლები. 

საქმეც ისაა, ასეთი “პროექტი” რომ არსებობს, თორემ რომ არ არსებობდეს, კიდევ არა უშავს... 

მსგავსება, რომელიც დამთხვევაზე მეტია

როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს სახელისუფლო ელიტას "ქაჯები" უწოდა, შესაძლოა ბოლომდე არც ჰქონდა გაცნობიერებული, რომ პირდაპირ ათიანში მოარტყა. მართლაც, ქართული დემოკრატიის “დამპროექტებლების” ხედვა მთლიანად ემთხვევა შიგალევის დოქტრინას. მიზანი ერთია - დიადი, ნათელი. მეთოდებიც ანალოგიური:: 

в виде конечного разрешения вопроса — разделение человечества на две неравные части. Одна десятая доля получает свободу личности и безграничное право над остальными девятью десятыми. Те же должны потерять личность и обратиться в роде как в стадо и при безграничном повиновении достигнуть рядом перерождений первобытной невинности, в роде как бы первобытного рая, хотя впрочем и будут работать. 

როგორც ვხედავთ, შიგალევის “პროექტიც” ახალი ადამიანის აღზრდას და ამ მიზნის მისაღწევად ძალაუფლების მაქსიმალურ კონცენტრაციას გულისხმობს. ვინც ამგვარ წესრიგს არ მიიღებს, რა თქმა უნდა, "ჩაირეცხება." განსაკუთრებით ისინი, ვინც რაიმე ავტორიტეტს წარმოადგენენ, თავიანთი ნიჭის, პროფესიონალიზმისა თუ განათლების გამო:

Первым делом понижается уровень образования, наук и талантов. Высокий уровень наук и талантов доступен только высшим способностям, не надо высших способностей. Высшие способности не могут не быть деспотами и всегда развращали более, чем приносили пользы; их изгоняют или казнят. Цицерону отрезывается язык, Копернику выкалывают глаза. Шекспир побивается каменьями, вот Шигалевщина!

აქ უკვე განათლების რეფორმის დიადი მიზნებიც შემოდის და, ამ დროს, რასაკვირველია, მეცნიერებაც არ უნდა დაგვავიწყდეს:

Не надо образования, довольно науки! И без науки хватит материалу на тысячу лет, но надо устроиться послушанию. В мире одного только недостает, послушания. Жажда образования есть уже жажда аристократическая. Чуть чуть семейство или любовь, вот уже и желание собственности. 

ჰო, ეს საკუთრების განცდა და სურვილი თუ ძირშივე არ ჩაკალი, მერე შეიძლება სხვა პრეტენზიებიც გაჩნდეს, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი არაფერი არ არის:

Каждый принадлежит всем, а все каждому. Все рабы и в рабстве равны.

ასეა, ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს: აბა, თუ მარტო კანონდამრღვევს ემუქრება დასჯა, მაშინ გამოდის, რომ კანონმორჩილი მოქალაქე პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ეს კი თანასწორობის პრინციპს არღვევს. დასკვნა: ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია. აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს თანასწორი!..




ერთი ტელევიზია არ არსებობდა დოსტოევსკის დროს, თორემ შიგალევშჩინას არსენალში ტელედაპატიმრებებიც აუცილებლად მოხვდებოდა. თუმცა, თვალშისაცემი პარალელები ისედაც საკმაოდაა, დაწყებული ურთიერთდაბეზღების წახალისებით და დამთავრებული რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეებით:

У него каждый член общества смотрит один за другим и обязан доносом. В крайних случаях клевета и убийство, а главное равенство. 

ცხადია, იგულისხმება თანასწორობა ხელისუფლების წინაშე დაუცველობის თვალსაზრისით. ეს არ ეხება თვით ხელისუფლებას, ანუ საზოგადოების გამორჩეულ მეათედს - პრეზიდენტს და მის გუნდს, რომელთაც თავიანთი სულიერი წინაპარივით შეუძლიათ განაცხადონ:

Папа вверху, мы кругом, а под нами Шигалевщина. Надо только, чтобы с папой Internationale согласилась… 

მართალია, იმ დროს გაერო და ევროსაბჭო არ იყო, მაგრამ საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობა მაშინაც კარგად ესმოდათ...

მე ძალიან შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ჩვენებური ქაჯები შიგალევის თეორიით მოქმედებენ. მათ დოსტოევსკი წაკითხულიც არა აქვთ. ანკი რა საჭიროა? ის ხომ რუსი იმპერიალისტი იყო, გრიბოედოვივით... თუმცა, რომ გითხრათ ევროპელი და ამერიკელი ავტორები აქვთ მეთქი გადაბულბულებული, არ ვიქნები მართალი. ერთი ჯორჯ ორუელის სახელი თუ სმენიათ, მაგრამ ეს ხომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 1984 წელს... ისე, არ იქნებოდა ურიგო, თუნდაც ინგლისელი კლასიკოსის პატივსაცემად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პროკურატურაც მიგვეერთებინა და "სიყვარულის სამინისტრო" დაგვერქმია. მით უმეტეს, რომ ჩვენი ხელისუფლება სწორედ ამ უწყებების მეშვეობით ცდილობს დემოკრატია შეგვაყვაროს, შიში შეიქმს სიყვარულსას პრინციპით.

მაგრამ ამდენ გულწრფელობას ჩვენებურ ქაჯებს ნუ მოვთხოვთ. მათ არც თავიანთი ლიტერატურული მამის პატიოსნება ჰყოფნით, თორემ რომელიმე მათგანი მაინც შიგალევივით აღიარებდა:

мое заключение в прямом противоречии с первоначальной идеей, из которой я выхожу. Выходя из безграничной свободы, я заключаю безграничным деспотизмом. 

შეიძლება ვიღაცას მართლაც შიგალევივით სჯერა, რომ Без деспотизма еще не бывало ни свободы, ни равенства, მაგრამ ვისაც არ გვჯერა (თუნდაც იმიტომ რომ ორი წიგნი გვაქვს წაკითხული და ამ ცხოვრებაშიც რაღაც გვინახავს), გაგვატარეთ მაინც...


ეს განწირულის სულისკვეთება

“ძალად ცხონების” იდეა ახალი არ არის. ის ჯერ კიდევ ფრანგი განმანათლებლების ეპოქაში იყო პოპულარული (რად ღირს თუნდაც ჟან-ჟაკ რუსოს ფრთიანი ფრაზა: "ჩვენ ვაიძულებთ ადამიანებს იყვნენ ბედნიერები!"). თუმცა, თანამედროვე ქაჯებისთვის სულაც არა აუცილებელი კლასიკოსთა თხზულებების ცოდნა, მთავარია სულისკვეთების იდენტურობა. თავიდან ყველა თავისუფლებისთვის ბრძოლით იწყებდა: რობესპიერი, ლენინი, მუსოლინი, მაო ძე დუნი, კიმ ირ სენი, ენვერ ხოჯა, პოლ პოტი თუ ფიდელ კასტრო... მაგრამ როდესაც მიზნად დაისახავ საზოგადოების მენტალიტეტის საკუთარ თარგზე გადაკეთებას, აუცილებლად აღმოაჩენ, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ნებით ამ პროცედურას არ ემორჩილება. რჩება ერთადერთი გზა - იძულება. იძულებისთვის ძალაუფლების კონცენტრაციაა საჭირო, ძალაუფლების კონცენტრაციისთვის - სხვათა უფლებების შეზღუდვა, უფლებების შეზღუდვას უკმაყოფილების ზრდა მოსდევს, გაზრდილი უკმაყოფილების ჩახშობას ძალაუფლების დამატებითი კონცენტრაცია ჭირდება და ა. შ., განმანათლებლობიდან შიგალევშჩინამდე. 

და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს თავიდან რა გინდოდა: დემოკრატიული სამოთხე, კომუნისტური თუ ფაშისტური, შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა. 




შესაძლოა ჩვენებურ "რეფორმატორებს" (ზოგიერთ მათგანს მაინც) ალალად ჰგონიათ, რომ ჯერაც უვალ გზას ადგანან, არადა ეს გზა სხვისგან მრავალჯერ თელილია და საბოლოო დანიშნულების პუნქტიც ცნობილია _ ავტორიტარული რეჟიმი. დღეს საქართველოში სწორედ ამგვარი რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. თავდაპირველი ჩანაფიქრი სხვა იყო - არა უბრალოდ ავტორიტარიზმი, არამედ ლიბერალური დემოკრატიით იდეოლოგიზირებული ავტორიტარიზმი, როგორც დროებითი ინსტრუმენტი საზოგადოების მენტალიტეტის "დემოკრატიზაციისა" და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი კურსი ბოლომდე გააზრებული და გათვლილი ჰქონდათ (რაიმეს გათვლა-გააზრება ჩვენი ყმაწვილური ასაკის ხელისუფალთათვის დამახასიათებელი არ არის), თუმცა, მცდელობა ნამდვილად არ დაუკლიათ - არცთუ თანმიმდევრული, უხვად გაზავებული ელემენტარული უვიცობით, მაგრამ მაინც მცდელობა. 

რომ არა სახელისუფლო იდეოლოგთა არაკომპეტენტურობის მართლაც საარაკო დონე, რომელსაც მხოლოდ მათივე სიჯიუტე თუ შეიძლება შეედაროს, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამგვარი მცდელობა იმთავითვე განწირული გახლდათ. ლიბერალური დემოკრატია პრინციპულად შეუთავსებელია ავტორიტარულ მმართველობასთან. უფრო მეტიც, თავისი არსით, ლიბერალური დემოკრატია საერთოდ არ არის იდეოლოგია, არამედ მმართველობის წესი უფროა. ჩვენს ხელისუფლებაში რომ ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ დემოკრატიაზე, აქედანაც კარგად ჩანს, თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია. კონფლიქტი ნათელ მიზანსა და ბინძურ საშუალებებს შორის ყოველთვის მიზნის ტრანსფორმაციით მთავრდება, რადგან სიბინძურის ჩამდენი თავისივე ნამოქმედარის მძევალი ხდება და ძალაუფლების შენარჩუნება უკვე თვითმიზნურ ხასიათს იღებს.

ასეთი თვითმიზნური ხელისუფლება გვყავს დღეს ჩვენს ქვეყანაში. მათთვის ძალაუფლება უკვე საშუალება კი არ არის, არამედ მიზანი და ეს სრულიად ლოგიკურია. 

და თუკი ვინმეს მაინც სერიოზულ პრობლემად მიაჩნია ქართული მენტალიტეტის თავსებადობა ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან, მათ გასაგონად ვიტყვი: ერთადერთი, რაც მენტალურ დონეზე განასხვავებს დემოკრატიული სახელმწიფოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს არადემოკრატიული ქვეყნის მოქალაქისგან, არის ძალაუფლებით აღჭურვილობის განცდა, ანუ განცდა იმისა, რომ სწორედ ის და სხვა მისნაირი მოქალაქეები წარმოადგენენ ძალაუფლების წყაროს სახელმწიფოში და არა პრეზიდენტი ან რომელიმე მინისტრი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე რომ არაფერი ვთქვათ. ცხადია, ძალმომრეობით და დიქტატით ამგვარი განცდა ვერცერთი ქვეყნის მოქალაქეს ვერ ჩამოუყალიბდება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ავტორიტარული მეთოდებით დემოკრატიის დამკვიდრების მცდელობა განწირულია.

განწირული კია, მაგრამ ეს განწირულის სულისკვეთება უკვალოდ მაინც არ ჩაივლის. თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ ტიპიურ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც დემოკრატიის ფასადი ვეღარ დაფარავს, რა ჭყეტელა ფერებითაც არ უნდა ღებო. სხვა ვარიანტი ამ ხელისუფლების ზეობის შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია. მმართველობის წესის ლიბერალიზაცია ავტომატურად დააყენებს დღის წესრიგში იმ მაღალ თუ დაბალ ჩინოსანთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, რომელთა სახელიც ლეგიონია. ახლა, როგორ გგონიათ, რომელი ხელისუფალი დათანხმდება იმას, რომ თავისი ფეხით წავიდეს ციხეში?

ასე, რომ მათ მდგომარეობაშიც უნდა შევიდეთ: Хотели как лучше, получилось как всегда. თანაც, ადვილი ასატანი ხომ არ არის, სამართლიანობის ზეიმისთვის მუდმივად უსამართლობას ჩადიოდე? როგორ გინდა ადამიანებს გააგებინო, რომ მათი დამონება მათივე თავისუფლებისთვისაა საჭირო? ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სულიერი ტანჯვა უნდა გადაიტანო, რა ცოდვები იტვირთო! მთავარია გზიდან არ გადაუხვიო და გწამდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქურდული მენტალიტეტი პირველქმნილ დემოკრატიულ უბიწოებაში გადაიზრდება. მანამდე კი ასეთი მძიმე ტვირთის მზიდავს, კომპენსაციის სახით, განა არ ეკუთვნის ყველა სურვილის და ხუშტურის ასრულება? ეს ოხერი სინდისი ხომ რაღაცით მაინც უნდა დააბალანსო? კარგი ბიჭობა იოლია, მაგრამ მაშინ საქმეს ვიღა გააკეთებს?

საქმე გაკეთდება და თქვენ კი დარჩით კარგ ბიჭებადო, მოგვაძახა ერთხელ მაღალი ტრიბუნიდან გიგა ბოკერიამ, რომელსაც დაზუსტების სახით თავისუფლად შეეძლო დაემატებინა:

Желание и страдание для нас, а для рабов Шигалевщина.

ძველი ნიჰილისტებიც იმედოვნებდნენ, რომ "საქმე გაკეთდებოდა" და საბოლოო შედეგი მათ ნამოქმედარს გადაფარავდა. რა გამოვიდა ამ საქმიდან, კარგადაა ცნობილი. ასეთია ქაჯური ლოგიკა – მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ სასურველი რეზულტატი მამოძრავებელი იმპულსიდან გამომდინარეობს და არა შესაბამისი ქმედებებიდან. ამიტომაც მათი ხელიდან მხოლოდ ქაჯეთის ციხე შენდება და არა თავისუფლების ტაძარი. ქაჯეთის ციხეს რა ბედიც ელის, ისიც ცნობილია, ოღონდ როცა მათვე რისხვით გადუბრუნდებათ სიბორბლე და სიმრგვლე ცისა, მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი...

ისე, ამათ უკვე აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ უფრო ახალგაზრდა თაობას მაინც შევახსენებ სტატიის ეპიგრაფში გატანილ მოწოდებას: გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები, გამოგადგებათ... 





No comments:

Post a Comment