Sunday, October 17, 2010

უღირსებო კაცის დაბრუნება

ციკლიდან ფბ- რჩეული ნოუთები. დაწერილია 2009 წლის ივლისში..
 ----------
პერესტროიკისწლებში აკაკი ბაქრაძემ ერთი წერილი გამოაქვეყნა სათაურითუღირსებო კაცი,“ სადაც ლაპარაკი იყო საბჭოური იდეოლოგიის მიერახალი ადამიანისგამოზრდის მცდელობაზე. ახალი ადამიანისა, რომელიც სხვა არავინაა, თუ არა ადამიანი ღირსების გარეშე. მაშინ ბევრს ეგონა, რომ უღირსებო კაცის ფენომენი კომუნისტურ ხელისუფლებასთან ერთად ჩაბარდებოდა წარსულს. თურმე, სადა ხარ?!

განდიდებული პატარები

ათიოდე წლის წინ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ერთი ამერიკული ტელესერიალი. სერიალის გმირები პარალელურ სამყაროებში მოგზაურობენ, სადაც მოქმედება ისტორიის ალტერნატიული ვერსიების ფონზე ვითარდება. მაგალითად, ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ რა მოხდებოდა ამერიკა საბჭოთა კავშირს რომ დაეპყრო, მეორე ალტერნატიულ სამყაროში არ აღმოუჩენიათ პენიცილინი, მესამეში შობადობაზე კონტროლია დაწესებული და . . როგორც წესი, ყველა ალტერნატიული რეალობა ერთგვარი ანტიუტოპიაა, ანუ ბევრად უარესია, ვიდრე ჩვენი, არცთუ სრულყოფილი სამყარო.



ასეთნაირ ანტიუტოპიად სერიალის ერთ ეპიზოდში წარმოდგენილია სახელმწიფო, რომელსაც მართავენ ახალგაზრდები. ოცდაათ წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე მეორეხარისხოვანი ადამიანია, ისინი გეტოებში ჰყავთ შეყრილი და მათ საპროტესტო გამოსვლებს პოლიცია არბევს
მართლაც კარგად ნაცნობი პარალელებია... საქართველოში ხანდაზმულების დარბევამდე ჯერ საქმე არ მისულა, მაგრამ ნოვაციები სერიოზულია. კერძოდ, ახალი ტერმინიც კი გაჩნდა. საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამაყად განაცხადა: თბილისის პოლიცია კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ასაკობრივი წმენდა არ ჩატარებულაო (როგორი ტერმინიაასაკობრივი წმენდა“?). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ერთმა ჭკუის კოლოფმა რეფორმატორმა პროფესორის თანამდებობაზე კადრების შერჩევის გენიალური მეთოდი შეიმუშავა: კანდიდატის მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით დაგროვილი ქულები საბოლოო შედეგის მისაღებად მრავლდებოდა . . „ასაკობრივ კოეფიციენტზე,“ რომელიც მით მეტი იყო, რაც უფრო ახალგაზრდა გახლდათ კანდიდატი. მოკლედ, ამ სისტემით 25 წლის უცოდინარს იმთავითვე პრიორიტეტი ენიჭებოდა 45 წლის მცოდნესთან შედარებით. სხვათა შორის, დღეს ამის მომგონი კაცი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია. დაუფასდა.

მამები და შვილები

თავის დროზე ზემოთ ნახსენები სერიალი ჩვენს ტელარხებზეც რომ გაეშვათ, იქნებ გადავრჩენილიყავით ასაკობრივ წმენდას, ან ვინმე მაინც დაფიქრებულიყო, თუ რატომ მიაჩნდათ ყმაწვილთა მმართველობა უბედურებად ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში. ამის საპირისპიროდ, საქართველოში დამკვიდრდა ლიბერალური ინტელიგენციის წიაღში დაბადებული სრულიად მცდარი მოსაზრება, რომ ახალგაზრდა თაობა თავისუფალია ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობისგან, ისინი ადვილად ითავისებენ დემოკრატიულ ღირებულებებს და თუ გვინდა საქართველოში დასავლური ტიპის დემოკრატია, პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრებს უნდა მიენიჭოთ.

ამ მოსაზრებამ ლიბერალ-ინტელიგენტთა წრეში ჯერ ეჭვმიუტანელი დოგმატის სახე მიიღო, მოგვიანებით კი სააკაშვილის ხელისუფლების საკადრო პრაქტიკად იქცა. ასე, რომ როდესაც გაზეთმონდისთვისმიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამაყად აცხადებდა, ჩემს მთავრობაში 24-26 წლის მინისტრები არიან, რომლებმაც არ იციან ვინ იყვნენ ლენინი და სტალინიო, ის სულაც არ გულისხმობდა მინისტრების ცოდნის დონეს. ამით საქართველოს პრეზიდენტი უფრო საკუთარი რეჟიმის პროგრესულობასა და დემოკრატიულობაზე მიანიშნებდა
არადა ახალგაზრდა კადრების სიჭარბე სულ სხვა რამეზე მიანიშნებს. ის, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქის ახალგაზრდა უფრო გახსნილია და ნაკლებადაა დამძიმებული კომუნისტური ტოტალიტარიზმის სულისკვეთებით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი მაინცა და მაინც ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებებისკენაა მიდრეკილი. ნებისმიერი ახალგაზრდა სწორედ თავისი გახსნილობის (ანუ ჩამოუყალიბებლობის) გამო გაცილებით მეტადაა დამოკიდებული სოციალური გარემოზე, გაცილებით იოლად ექვემდებარება დამკვიდრებული თამაშის წესების გავლენებს, ვიდრე უფროსი ასაკის ადამიანი. ამას დავუმატოთ ახალგაზრდული ასაკისთვის დამახასიათებელი ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტი და ცხადი გახდება, რომ ყმაწვილთა მოზღვავება სახელისუფლო სტრუქტურებში ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია


ძალაუფლება, როგორც ცნობილია, რყვნის, ხოლო გარყვნის ალბათობა მით მეტია, რაც უფრო ახალგაზრდაა ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არავის უკვირს, რომ 47 წლის ბარაკ ობამას ერთ-ერთ ნაკლად ახალგაზრდულ ასაკს უთვლიან. თუმცა, ობამა ამერიკაშია პოლიტიკისთვის ახალგაზრდა, თორემ დღევანდელ საქართველოში ალბათ ჩასარეცხების სიაში გაამწესებდნენ... 
ქართველ ლიბერალ-ინტელიგენტებს კი იმდენად აწუხებდათ საკუთარი პასიურობა, იმდენად კრიტიკულად იყვნენ განწყობილი კომუნისტური ნომენკლატურის მიმართ, რომ მამების თაობის მიმართ პროტესტისა და თვითდამკვიდრების წმინდა ყმაწვილური სულისკვეთება, რაც ყველა დროის ახალგაზრდობას ახასიათებს, ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიულობის ყლორტებად იქნა მიჩნეული. საბოლოო ჯამში კი ამ ყლორტებიდან სულ სხვა ყვავილები გაიფურჩქნა.

შეიძლება ითქვას, რომ ვეტერან ქართველ ლიბერალებს დაახლოებით იგივე დაემართათ, რაც რადიკალური სტუდენტური მოძრაობის იდეურ მამამთავრებს 60-იანი წლების ევროპაში. თეოდორ ადორნოს და ჰერბერტ მარკუზეს ტიპის მემარცხენე ინტელექტუალებმა შექმნეს თეორიები, რომელთა პრაქტიკულმა განხორციელებამ 1968 წლის მაისში ისინი ნამდვილ შოკში ჩააგდო. ოღონდ როცა მეამბოხე სტუდენტები, პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ და ლუვრში შევარდნით დაჯოკონდას“ (როგორც დამპალი ევროპულ-ბურჟუაზიული კულტურის სიმბოლოს) განადგურებითაც იმუქრებდნენ, უკვე გვიანღა იყო თითზე კბენანი.

თუმცა, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, თორემ დასავლეთმა 60-იანი წლების კრიზისი მტკივნეულად, მაგრამ მაინც გადახარშა. დღეს პარიზის რევოლუციის საკულტო ფიგურა დანიელ კონ-ბენდიტი ევროპარლამენტის წევრი და ევროკონსტიტუციის თავგამოდებული აპოლოგეტია. მისი ძველი აქტივისტები კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა ბიუროკრატიულ ორგანიზაციათა მოხელეებად გვევლინებიან და აქეთ გვმოძღვრავენ დასავლური ცივილიზაციის სახელით.
ორიენტირი

ყმაწვილთა მმართველობა თავისთავად რომ არაა კარგი საქმე. ეს ერთი თემაა, მაგრამ ორმაგად უბედურია ის ქვეყანა, სადაც ამგვარი მმართველობის პირობებში წარმატების და კეთილდღეობის საწინდარი მმართველი ელიტის ერთგულება, ზემოდან წამოსული ინსტრუქციების უსიტყვო გაზიარებაა, პატიოსნება და კრიტიკული აზროვნება კი ხელისშემშლელი ფაქტორი უფროა.

დღეს, საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქემ იცის, რომ თუ რომელიმე ოპოზიციონერის ცემაში, ოფისის დარბევასა თუ ხელისუფლების სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში აქტიურად მონაწილეობს, ამის გამო არათუ დაისჯება, პირიქით, სახელმწიფო ფულს გადაუხდის ან თანამდებობაზე დანიშნავს.

თანამედროვე ახალგაზრდა მოქალაქემ იცის, რომ, თუ თავისი მეგობრის მონაწილეობას ანტისახელისუფლო მანიფესტაციაში ფარული კამერით გადაიღებს და უშიშროებაში მიიტანს, ამისთვის არათუ გაკიცხავენ, არამედ სახელმწიფო ფულს გადაუხდის და შესაძლოა თანამდებობაზეც დანიშნონ.

ახალგაზრდა მოქალაქემ ასევე იცის, რომ მთავარია მხოლოდ სახელისუფლო ელიტასთან დაახლოება. ამის შემდეგ კი წარმატებული კარიერისთვის მას არ მოეთხოვება არანაირი ცოდნა და განათლება, საყველპურო ინგლისურისა და ინტერნეტშიჩეთაობისგარდა.

სამაგიეროდ საკმარისია ხელისუფლება ღიად გააკრიტიკო, რომ იმწამსვე პრობლემები შეგექმნება და არა მარტო შენ, შესაძლებელია სამსახურიდან დაითხოვონ მამაშენი, ან დაგიპატიმრონ ძმა. გააჩნია რამდენად უღირთ შენი დამორჩილება.

კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლა აქ სრულიად ზედმეტად მიმაჩნია, რადგან ასეთი ფაქტი იმდენად ბევრია და მრავალი მათგანი იმდენად გახმაურებული, რომ ამ კონტექსტში თავისუფლად შეიძლება ვილაპარაკოთ ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკაზე.

ახლა დავსვათ წმინდა რიტორიკული კითხვა: როგორი პიროვნებების დაწინაურებას შეუწყობს ხელს ასეთი გარემო


რასაკვირველია, ეს მარტო ახალგაზრდებს არ ეხება, მაგრამ მმართველი ძალის მიერ უზნეობის სტიმულირება ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდა თაობაზე ახდენს გავლენას. იმავდროულად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ახალგაზრდულ ასაკს ყველა თანამდებობაზე პრიორიტეტი ენიჭება. ასე, რომ თუკი რომელიმე სტუდენტი უღირსებო კაცის გზას აირჩევს, კომპენსაციისთვის დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება, სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში თავისუფლად შეიძლება მინისტრიც გახდეს.

საქართველო არის ქვეყანა სადაც არა მარტო ყმაწვილთა მმართველობაა, არამედ უღირსებო ყმაწვილთა მმართველობა.იმ ქვეყანაში, სადაც წარმატების ნიმუშია დათა/ბაჩო ახალაია, რომელსაც პრეზიდენტი გმირს უწოდებს, პრინციპულად შეუძლებელია დაწინაურდეს წესიერი და პატიოსანი ახალგაზრდა, თუ ის წმინდა ტექნიკურ სამუშაოს არ ასრულებს.

როდესაც უღირსებო ხალხზე პრაქტიკულად სახელმწიფო დაკვეთა არსებობს, უღირსებობა და წარმატება ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია. ანუ, რაც უფრო უსინდისოა ადამიანი, წარმატების მიღწევის მით მეტი შანსი აქვს. დღეს საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა. ეს ჯერ კიდევ არ არის საბჭოთა კავშირივით აწყობილი მანქანა, მაგრამ ტენდენცია აშკარად გამოკვეთილია.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, შევარდნაძის დროსაც ასე იყოო. ნაწილობრივ კი, მაგრამ მთლად ასეც არ იყო. სააკაშვილის ხელისუფლება გაცილებით შორს წავიდა. ის სივრცე, სადაც წესიერ ადამიანს შეუძლია საქმე აკეთოს და თან რაღაც წარმატების პერსპექტივა ჰქონდეს, უკიდურესად დავიწროებულია და თითქმის გაქრობის ზღვარზეა.

კაცმა რომ თქვას, აქ ახალი არაფერია, ასეთია ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კი საკუთარი ძალაუფლების აბსოლუტიზაციას ესწრაფვის. დღევანდელი ხელისუფლების გზავნილი საზოგადოების მიმართ არის პრაქტიკულად იგივე, რაც იყო ესესელების ოფიციალური დევიზი ნაცისტურ გერმანიაში: ღირსება - ერთგულებაა! იგულისხმება, რა თქმა უნდა, სახელისუფლო გუნდისადმი ერთგულება. ნოვაცია ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ისაა, რომ უპრიმიტიულესი დიქტატის დამკვიდრება ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით ხდება. პირველად მსოფლიო ისტორიაში!..

თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მონური ერთგულების მოთხოვნა ლიბერალიზმის სახელით მოხდება თუ ფაშისტური იდეოლოგიის ნიშნით? ისევე როგორც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რომელი იდეოლოგია ესიმპატიურება სექსუალურ მოძალადეს.
ჭეშმარიტების მომენტი

ჩემის ღრმა რწმენით, სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი დანაშაული, რომლის ნაყოფსაც მისი წასვლის შემდეგაც მოვიმკით, არის სწორედუღირსებო კაცის“, როგორც ფენომენის, არნახული აღზევება. როდესაც სახელმწიფოში არის შერჩევითი სამართალი, როდესაც სახელისუფლო ელიტისთვის ყველაფერი ნებადართულია, ხოლო სხვებს მხოლოდ იმის უფლება აქვს, რასაც ეს ელიტა უწყალობებს, როდესაც ქვეყანა ფაქტობრივად ორ ბანაკადძალადობის ობიექტებად და სუბიექტებადაა გაყოფილი, იქ ღირსებაზე აღარ არის ლაპარაკი. ამ დროს ელემენტარული ზნეობრივი ნორმების დაცვაც კი სისტემასთან დაპირისპირებას ნიშნავს, რადგან ასეთ სისტემაში სწორედ უზნეობაა ნორმა.

დღევანდელ საქართველოში წესიერ და პატიოსან ადამიანს შეიძლება არ მოსწონდეს რომელიმე ოპოზიციონერი ან ოპოზიციური პარტია. შეიძლება საერთოდ მთელი ოპოზიცია არ მოწონდეს. მაგრამ მათგან განსხვავებით, ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს უკვე წმინდა ზნეობრივი საკითხია. ხელისუფლება, რომელიც უღირსებო კაცებს მწვანე გზას უხსნის მკაფიო ზნეობრივი არჩევანის წინაშე აყენებს ნებისმიერ მოქალაქეს.

ეს არ არის ადვილი არჩევანი, მაგრამ ეს ისეთი არჩევანია, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ნეიტრალიტეტი აქ გამორიცხულია. როდესაც ხედავ, რომ ადამიანს უსამართლოდ აპატიმრებენ, ართმევენ ქონებას, დევნიან მისი შეხედულების გამო, შეუძლებელია იყო ნეიტრალური. ამას ან გმობ, ან ამართლებ, ან ეგუები. შეგუება კი ამ შემთხვევაში იგივეა, რაც გამართლება.

და უღირსებო კაცის დაბრუნება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის შემდეგ, ტოტალიტარიზმის იდეოლოგია, „სულიერისაბჭოთა კავშირი, ჩვენში ჯერ კიდევ არ მომკვდარა, მას უკვე სხვა სახელი ჰქვია და სულ სხვანაირად ლაპარაკობს, მაგრამ ისევ ისაა.

და საბჭოთა ეპოქა, რომელმაც შვა თავის დროზე უღირსებო კაცი, მხოლოდ მაშინ დასრულდება საქართველოში, როცა დამთავრდება უღირსებო კაცის ზეობა. ეს კი ყოველი ჩვენგანის არჩევანზეა დამოკიდებული, იმ არჩევანზე, რომელიც ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ რომელიც აუცილებლად გაკეთდება



1 comment: