Tuesday, July 20, 2010

რატომ ვარ ოპოზიციაში

1.

დავიწყებ იმით, თუ რის გამო არა ვარ.

მე არ ვარ არც სამსახურიდან გაშვებული ავტოინსპეტორი, არც ქურდული სამყაროს თაყვანისმცემელი, არც ეთნიკური ნაციონალისტი. არც რელიგიური ფუნდამენტალისტი, არც ყოფილი კორუმპირებული მოხელე და არც შევარდნაძის დროს გამდიდრებული ბიზნესმენი, რომელმაც წილები დაჰკარგა,

მე არა ვარ ხელისუფლებაზე განაწყენებული იმის გამო, რომ თანამდებობა არ მომცეს ან ძალაუფლება არ გამინაწილეს. პირიქით, საკმაოდ მაღალი პოსტიც მეკავა და არაფორმალური ურთიერთობების დონეზე სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში ვითვლებოდი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა მქონდა გიგა ბოკერიასთან, ვანო მერაბიშვილთან,  გივი თარგამაძესთან და გიგი უგულავასთან. სხვა ახლანდელი მაღალჩინოსნებიდან კი ზოგი პალტოს მხდიდა მიშას მისაღებში, ზოგი სიგარეტზე მეგზავნებოდა და ზოგი ყავას მიდუღებდა.

ამას სამარიაჟოდ არ ვყვები. მართლა ასე იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ისეთი ხელისუფლება, სადაც ამდენი ჩემი ახლობელი და მეგობარი იქნება, საქართველოში არასდროს აღარ მოვა.


მოკლედ, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შემეძლო ვყოფილიყავი ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა საქართველოს ხელისუფლებაში. მე იქიდან არავის გამოვუგდივარ, ჩემი ნებით წამოვედი.

და წამოვედი არა იმიტომ, რომ ვიღაცეების კონკრეტული ქმედებები არ მომწონდა და პასუხისმგებლობის აღების შემეშინდა. არაფერი მსგავსი! გულუბრყვილო იდეალისტი არა ვარ და ძალიან კარგად მესმის: ნებისმიერი ხელისუფლების შემთხვევაში შეცდომებიც გარდუვალია და თანამდებობის ბოროტად გამოყენების პრეცედენტებიც.

დიახ, მე არ მომწონდა ტელედაპატიმრებები, ბიზნესის გაწეწვა, სატელეფონო მოსმენები, ფარული კამერები, სასამართლოს დაჩმორება და მასმედიის გაკონტროლებისკენ დაუოკებელი სწრაფვა, არ მომწონდა ეიჯიზმი და ასაკოვანი ადამიანების დისკრიმინაცია,  არ მომწონდა სრულიად გაუაზრებელი და ხშირად სულელური გადაწყვეტილებები განათლების რეფორმაში, არ მომწონდა საომარი რიტორიკა, საყოველთაო რეზერვი და იარაღის ჟღარუნი,  ძალიან არ მომწონდა კულტურული რევოლუციის აბსოლუტურად უკულტურო და უბირი მცდელობები, მაგრამ ყოველივე ამის გამო არ წავსულვარ ოპოზიციაში.

რომ არა ერთი მიზეზი, ყველაფერ ამას შეძლებისდაგვარად წინ აღვუდგებოდი საკუთრივ ხელისუფლების შიგნით. რასაკვირველია, იმის გარანტია არ იყო, რომ ყოველთვის ჩემსას გავიტანდი, მაგრამ რაღაცეების შეცვლას შევძლებდი.

შევძლებდი. რომ არა ერთი მიზეზი: ცხადლივ დავინახე, რომ ეს ყველაფერი არ იყო არც შეცდომა, არც გადახრა და არც გადაჭარბება.

და სანამ ვიტყვი რა იყო, პატარა რეტროსპექტივა.

2.

საბჭოთა კავშირი ყველაზე მეტად ერთი რამის გამო მძულდა: ეს იყო სისტემისადმი ლოიალობის გამოხატვის სავალდებულობა.

ნებისმიერ მოქალაქე ვალდებული იყო საჯაროდ ემტკიცებინა, რომ ის იზიარებს კომუნისტურ იდეალებს. ე. წ. „ზასტოის“ პერიოდში ეს უკვე წმინდა ფორმალობა გახლდათ და სახლში რას ილაპარაკებდი, იმას აღარავინ დაგიდევდა.

მიუხედავად ამისა, საჯარო სივრცეში  ლოიალობის  დადასტურება კვლავ გარდუვალი აუცილებლობა გახლდათ. ეს გამოიხატებოდა  წვრილმანებშიც კი, როგორიც იყო, ვთქვათ, ნებისმიერ სამეცნიერო ნაშრომში მარქსიზმის კლასიკოსებისა და კომპარტიის ყრილობის მასალების სავალდებულო ციტირება. მარქსის, ენგელსის, ლენინის და მოქმედი გენმდივნის საანგარიშო მოხსენების ციტატა ისეთ სადისერტაციო თემაშიც კი უნდა მოგეყვანა, როგორიცაა მაგალითად „ჭრ ნაწილაკი ბაცბურ–წოვურში.“ (იყო ასეთი დისერტაცია!)   

და ვინც არ მიიღებდა თამაშის ამგვარ წესებს, ვინც გაბედავდა და ხმამაღლა დააფიქსირებდა თავის განსხვავებულ ხედვას ოფიციალური იდეოლოგიისგან, მის მიმართ სისტემა დაუნდობელი იყო. ასეთი ადამიანი საზოგადოებისგან ირიყებოდა, მას ან ციხეში სვამდნენ, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ხოლო თუ ამას გადარჩებოდა, არანაირი შანსი არ ჰქონდა არც კარიერული წინსვლის და არც  შემოქმედებითი წარმატების.

იყო გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც მხოლოდ ადასტურებდა წესს. რადგან ის გამონაკლისებიც გარკვეულ ხარკს უხდიდნენ სისტემას, აკაკი ბაქრაძე, მაგალითად, კომპარტიის წევრი იყო და მერაბ მამარდაშვილიც.

რაც შეეხება უმრავლესობას, ეს სისტემის წნეხი, ეს ლოიალობის დადასტურების მოთხოვნა პირველ რიგში მორალურად რყვნიდა ადამიანებს, რადგან ნერგავდა მათში ორპირობას, შიშს, არაგულწრფელობას, სიყალბისა და ტყუილისადმი შემგუებლობას, ერთი სიტყვით კონფორმიზმს.

ისიც ბუნებრივია, რომ ამაგვარი ვითარება პირდაპირ უწყობდა ხელს მოქალაქეებში მლიქვნელობის, უპრინციპობის, შეუწყნარებლობის და სხვა მანკიერი თვისებების  განვითარებას, უღირსებო ხალხის დაწინაურებას.

მაგრამ ეს ხომ საბჭოთა კავშირი იყო. ბოროტების იმპერია. Resident Evil..

ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ეს მონსტრი დაინგრა. ალბათ ასე ბედნიერი ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები.

3.

მას მერე ბევრი მძიმე დღეები გამოვიარე და ბევრი იმედგაცრუება გადავიტანე, მაგრამ რა არ მეგონა და ოდესმე თუ კვლავ აღმოვჩნდებოდი მსგავს გარემოში. არა იმ მასშტაბით, რა თქმა უნდა, რა შედარებაა, მაგრამ თვისობრივად იგივეში.

უკვე 2005 წლის გაზაფხულისთვის ძალიან ცხადლივ დავინახე, რომ ადამიანების დაჩმორება–დაშინება არის მმართველი გუნდის მიზანმიმართული პოლიტიკა  და არა რევოლუციური გადაცდომა. დავინახე, რომ მმართველი გუნდი ამით ამკვიდრებდა იმას, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი  და რაც ჩემთვის საბჭოთა კავშირის, როგორც ბოროტების კვინტესენციის მთავარი სიმბოლო იყო – ხელისუფლებისადმი ლოიალობის  გამოხატვის სავალდებულობა.

ისინი ამის გამართლებას საზოგადოების სიბნელით და რეტროგრადულობით ცდილობდნენ, მაგრამ მე, რომელმაც ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი  საბჭოთა კავშირში გავატარე, ის მაინც ვიცოდი აქსიომის დონეზე, რომ დაშინებული, დაბეჩავებული, შიშით მოკანკალე ადამიანი ღირსეული მოქალაქე ვერასდროს გახდება და ვერც მომავალი თაობის გამზრდელად ივარგებს.

და როცა ყველა, ვინც ბედავს დააფიქსიროს, რომ არ არის ამ ხელისუფლების მომხრე, იმთავითვე აღიქმება მტრად, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს დეკლარირებული ოპოზიციონერების მარგინალიზებაზე – მათ არ იღებენ სახელმწიფო სამსახურში, არ აძლევენ გასაქანს ბიზნესში, ცდილობენ არ მიაკარონ უნივერსიტეტებს, რიგ შემთხვევებში აპატიმრებენ კიდეც  – ეს სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირის სულის რესტავრაცია მისი ყველაზე ამაზრზენი შინაარსით.

მესმის, რომ ეს ყველაფერი არ არის ისე ყოვლისმომცველი, როგორც საბჭოთა დროს იყო. არის რაღაც ნიშები, სადაც შეიძლება თავის შეფარება,  ქართული ხალხური მეგობრობა–ძმაკაცობა–ნათესაობის ინსტიტუტებიც მოქმედებს,  პროსახელისუფლო რესურსიც არასაკმარისია ყველა სფერო რომ დაფაროს, მაგრამ აქ პრობლემა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკაა. მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალობა იყოს წარმატების პირობა, ხოლო ოპოზიციური განწყობა ლუზერობასთან ასოცირდებოდეს.

უბრალოდ მეზარება, ბევრ ადგილს დაიჭერს, თორემ არაერთი ფაქტის მოყვანა შემიძლია, თუ როგორ ცდილობენ სახელისუფლო სტრუქტურები ხელი შეუშალონ წარმატებულ მუშაობაში, მოაცილონ საზოგადოებრივ–კულტურულ მეინსტრიმს ის პიროვნებები, რომელთა ოპოზიციური განწყობაც მათთვის კარგადაა ცნობილი. რა დონის დაწვრილმანებამდე მიდიან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყოველთვის არ გამოსდით, მაგრამ ცდილობენ.

შევარდნაძის ხელისუფლება არ მომწონდა ბევრი რამის გამო, მაგრამ მთავარ ნაკლად იმას ვუთვლიდი, რომ ის კორუმპირებული და გახრწნილი სისტემა წესიერ, პატიოსან ადამიანს გაცილებით ნაკლებ შანსს აძლევდა წარმატებისთვის, ვიდრე გაქნილ არამზადას და უპრინციპო მლიქვნელს.

ოღონდ შევარდნაძის დროს მთელი სახელმწიფო, თავისი რეპრესიული და პროპაგანდისტული რესურსებით  არ ითხოვდა ჩემგან  წარმატების პირობად  ლოიალობის საჯარო დადასტურებას, შეიძლება იმიტომ, რომ ამის თავი არ ჰქონდათ, შეიძლება არც უფიქრიათ, არ ვიცი...

მაგრამ ვიცი და ვხედავ რომ ესენი ითხოვენ, არა მხოლოდ ითხოვენ, ცდილობენ ცხოვრების წესად აქციონ, საარსებო მინიმუმად დაამკვიდრონ. არ გამოსდით ბოლომდე, მაგრამ ცდილობენ.

4.

ასეთი დამოკიდებულების შედეგი კი არის ის კინო, რომელიც ერთხელ უკვე ნანახი მაქვს: მასობრივ დონეზე მლიქვნელობის, უპრინციპობის, ორპირობის, შეუწყნარებლობის და სხვა მანკიერი თვისებების  კულტივირება, უღირსებო ხალხის აღზევება.

და როცა ხელისუფლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა, სრულიად ამაოა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება შიგნიდან მოახდინო რაღაც გადახრების კორექტირება, ისეთივე ამაო, როგორც საბჭოთა სისტემის  გაკეთილშობილების მცდელობა კარგი რაიკომის მდივნებით.

ამიტომ ჩემთვის ოპოზიციონერობა პოლიტიკური არჩევანი არ არის. ეს არის წმინდა მორალური პოზიცია

ამიტომ წამოვედი ხელისუფლებიდან და ამიტომ ვარ ოპოზიციაში.

როცა ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი. მე არ მაინტერესებს როგორი ტიპია გრეჩიხა, ან რას ფიქრობს ბურჯანაძე, საერთოდ არ მაინტერესებს კარგი ოპოზიცია გვყავს თუ ცუდი, ძლიერი თუ სუსტი. ვფიქრობ, ეს არ არის მთავარი პრობლემა.

ისევე როგორც არ მაინტერესებს არც დაგებული გზები, არც 24 საათიანი დენი, არც პასპორტის აღების გამარტივებული პროცედურა, არც გაზრდილი ბიუჯეტი,  არც კრიმინალთან წარმატებული ბრძოლა, არც ქვედა დონეზე კორუფციის  მოსპობა – ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აქ არაფერი არ არის ისეთი, რაც ჰიტლერს არ გაეკეთებინოს თავის დროზე გერმანიაში, თან  გაცილებით უკეთ.

ისიც მესმის, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემზე არაფრით ნაკლები არაა, შესაძლოა სხვაგვარად აღიქვამდეს ყველაფერს და სულ სხვა პრიორიტეტები გააჩნდეს, მაგრამ ჩემთვის არ შეიძლება პრინციპულად მიუღებელი და უკიდურესად ამორალური არ იყოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც  ხელისუფლებისადმი ლოიალობას მავალდებულებს. მე ნამდვილად არ მგონია პროტექციონიზმი, სუფრული პატრიოტიზმი, ძველბიჭობა, მარშუტკებში პირჯვრის წერა თუ ქალიშვილობის ინტიტუტი ისეთი უბედურება, რის გულისთვისაც ამგვარი ვალდებულების ატანა ღირდეს.

და რახან ოპოზიციას სულ რუსეთუმეებად და რუსეთის აგენტებად წარმოგვადგენენ, ამ პატარა მონოლოგსაც ცნობილი  ბარდის სიტყვებით დავასრულებ:

Пусть впереди большие перемены, 
Я это никогда не полюблю



  

No comments:

Post a Comment